28 ოქტომბრის კიბერთავდასხმის შემდეგ, მუშაობა თითქმის ყველა ონლაინ გამოცემამ განაახლა, მათი საიტები აღდგა. გამოცემებში ამბობენ, რომ მომხდარის გამო ვებგვერდებზე არსებულ კონტენტს პრობლემები არ შექმნია, არაფერი წაშლილა. ონლაინგამოცემებისგან განსხვავებით, "იმედში" ამბობენ, რომ ამ დრომდე შეფერხებით მუშაობენ, მათ პრობლემა სისტემაში ჰქონდათ და ჯერ ყველა კომპიუტერი აღდგენილი არ არის.
ბოლო ინფორმაციით, “პროსერვისმა”, რომლის სერვერებზეც იყო
განთავსებული იმ მედიების უმეტესობა, რომელთაც გუშინ პრობლემები
შეექმნათ, თავდასხმის მიზეზი დაადგინა, თუმცა, ჯერ არ
ასაჯაროებს.
“29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო ყველა საიტი.
ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს”, -
ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ დღეს, 29 ოქტომბერს
გაავრცელა.
კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ
უსაფრთოხების დეპარტამენტთან და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან:
“ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე
საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით
გახდება ცნობილი”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კონკრეტულ მიზეზებზე არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საუბრობს.
“შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის
შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.. ამ ეტაპზე, ჩატარებული
საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა,
რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი"
(Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ
მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე
კიბერშეტევის სტილი არის იდენტური”, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
28 ოქტომბერს, კიბერთავდასხმის მსხვერპლი, დაახლოებით 2 000-მდე საიტი
გახდა, მათ შორის, მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. საიტების
გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის
ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be
back”).
ამავე დღეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”,
“მაესტროსა” და “GDS-ს”. “იმედის” საინფორმციო სამსახურის უფროსის
ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ტელევიზიის შიდა ქსელი დაახლოებით 20
წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული. როგორც ტელეკომპანიის იურისტმა,
ანდრო ლაშხმა განაცხადა, დაზიანდა ძვირადღირებული
ტექნიკა.
მომხდარი “იმედმაც” სავარაუდო კიბერშეტევას დაუკავშირა, შსს-ში კი
დღეს განაცხადეს, რომ მაუწყებლებლებში შექმნილი პრობლემა გუშინ ორი
ათასზე მეტ საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან კავშირში არ
იყო.
“ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის
კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი
ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით”, - ნათქვამია
შსს-ს განცხადებაში.
"იმედის" იურისტი ანდრო ლაშხი "მედიაჩეკერთან" საუბარში ამბობს, რომ
მათ პრობლემა ვებგვერდზე არ ჰქონიათ, საეთერო პრობლემები იყო, ვირუსი
სისტემაში შეიჭრა. მისივე თქმით, შსს-ს განცხადებაშიც ეს არის
მითითებული, რომ "იმედს" სერვერზე არ ჰქონია პრობლემა: "შსს-ში გუშინ
დავრეკეთ, მოვიდნენ ადგილზე, გამოკითხეს თანამშრომლები და ახლაც
მუშაობენ. ვერაფერთან ვერ ვაკავშირებთ, ვვარაუდობთ, რომ კიბერშეტევა
იყო, თუმცა, დაზუსტებით ამასაც ვერ ვამბობთ, რადგან ჯერ გამოძიების
შედეგები არ არის ცნობილი".
მაუწყებლის იურისტის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალი შესწავლილი არ
აქვთ: "ჯერ სრული სურათი არ გვაქვს, კვლავ შეფერხებით ვმუშაობთ,
ჯერჯერობით ყველა კომპიუტერი არ არის აღდგენილი და არ ვიცით, რისი
აღდგენა შეიძლება და რისი არა".
კიბერთავდასხმის შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის
სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით იძიებს, რაც კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან
კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
“მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა,
გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება
ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები.” - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.