‘იმედსა’ და ‘მაესტროზე’ კიბერშეტევა განმეორდა, ტელეკომპანიები ფორს-მაჟორში მაუწყებლობენ
04.11.2019

“იმედსა” და “მაესტროზე”, 2-3 ნოემბერს, კიბერთავდასხმა მეორედ განხორციელდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეორე შეტევა ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი. მაუწყებლებს ფორს-მაჟორში უწევთ ეთერში გასვლა.

“პირველი შეტევის შედეგები თითქმის აღმოფხვრილი იყო, მეორე რომ დაგვატყდა თავს. მეორე შეტევამ ბევრად უფრო დიდი ზიანი მოგვაყენა. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. როგორც ტექნიკოსები ამბობენ, პირველი შეტევა იყო გადამწყვეტი, მეორე ჯერზე, ასე ვთქვათ, უკვე გაკვალულ გზაზე გაიარეს”, - ამბობს “იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი.

“მაესტროს” ტექნიკური დირექტორი ლაშა გაბარაშვილი კი გვეუბნება, რომ კიბერთავდასხმები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. “პირველი შეტევა მიმართული იყო ვინდოუსის დაზიანებისკენ. მეორე შეტევამ კი ფაილები დააზიანა”.

 

მეორე თავდასხმამ რომ მაუწყებლების მედიაკონტენტი მეტად დააზარალა ადასტურებს ანდრო ლაშხიც. მისი თქმით, გარკვეული ფაილები მთლიანად გაანადგურდა, მათ შორის ვიდეო კონტენტი. ზარალის ზუსტ ოდენობაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ორივე მაუწყებელში უჭირთ.

“ამ მომენტისთვის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. თუმცა, დაზიანებულია 7 სამონტაჟო კომპიუტერი, რომლის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ასევე, არ გვაქვს არც შიდა ქსელი და არც ინტერნეტი”, - ამბობს ლაშა გაბარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ გამოძიება ბოლო ერთ კვირაში განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე ერთად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. უწყება ორივე შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით იძიებს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

მაუწყებლებზე კიბერთავდასხმა თავდაპირველად 28 ოქტომბრს განხორცილდა. ამავე დღეს კიბერშეტევის მსხვერპლი დაახლოებით 2 000-მდე საიტი გახდა, მათ შორის, მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).  კიბერშეტევიდან რამდენიმე დღეში, რამდენიმე მაუწყებლის მისამართზე მუქარის წერილიც გაიგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ არხი სამ დღეში მათ მიერ გაგზავნილ ანგარიშის ნომერზე 500 ბიტკოინს არ ჩარიცხავდა, გაასაჯაროებდნენ იმ ინფორმაციას, რაც ჰაკერული შეტევის შემდეგ მათი სერვერიდან ამოიღეს.

 


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ