საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა
საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში, რომელიც
დღეს, 12 ნოემბერს გაიმართა, მრჩეველთა საბჭოს ოთხმა
წევრმა მიიღო მონაწილეობა. მათგან სამმა გიგა ჩხარტიშვილის
კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
“მე წარმატებებს ვუსურვებ
მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობას და, იმედია, ერთობლივი
ძალისხმევით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
იქნება წარმატებული და ყველაზე ყურებადი და სმენადი მაუწყებელი
საქართველოში”, - განაცხადა ჩხარტიშვილმა კენჭისყრის შედეგების
გამოცხადების შემდეგ.
აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო თავმჯდომარეს 6 წლის ვადით ირჩევს,
თუმცა, რადგან გიგა ჩხარტიშვილს უფლებამოსილება 5 წელში ეწურება, იგი
ბორდს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
გიგა ჩხარტიშვილი ბორდში “ქართული ოცნების” კვოტით არის შესული.
10 აპრილს სწორედ მან მიმართა დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს.
მას შემდეგ აჭარის მაუწყებელი დირექტორის გარეშეა
დარჩენილი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო სულ 5 წევრისგან
შედგება, თუმცა ამჟამად ოთხი წევრით არის დაკომპლექტებული. მეხუთე
წევრის შესარჩევად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი 6 ნოემბერს
განმეორებით გამოაცხადა, რადგან ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ" წინა კონკურსზე კანდიდატის წარდგენაზე უარი თქვა.
ოპოზიციის გარდა, ბორდის წევრების შერჩევის პროცედურამ არაერთი კითხვა
გააჩინა არასამთავრობა სექტორსა და ასევე, მაუწყებლის გუნდის
ნაწილშიც.
ბორდში ოთხი წევრიდან სამი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ''ქართული ოცნების'' კვოტით, ხოლო ერთი თამარ წილოსანი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული.