თბილისის მერიამ 2018 წელს სატელევიზიო რეკლამების განთავსებაში ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, აქედან 69,5% “იმედში” განათავსა
05.11.2019

თბილისის მერიამ 2018 წელს სარეკლამო რგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის 519 ათასი ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი 360 ათასზე მეტი ლარის (69,5%) რეკლამა “იმედზე” განათავსა. ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

სარეკლამო რგოლებში გადახდილი თანხა დანარჩენი ტელევიზიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: “რუსთავი 2-მა” დაახლოებით 90 ათასი ლარი (17,3%), ტვ პირველმა - 30 ათასი (5,9%), საზოგადოებრივმა მაუწყბელმა - 19 ათასი (3,6%), იბერიამ კი - 13 ათასი (2,5%) ლარი მიიღო. ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით დათვალა.

“მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, კომუნიკაციების სააგენტოს მიერ 2018 წელს დახარჯული 2 მილიონ 352 ათასი ლარიდან უშუალოდ სარეკლამო ხარჯებს 675 656 ლარი მოხმარდა. აქედან 137 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებულ რეკლამაში. 526 ათას ლარზე მეტი - საინფორმაციო ვიდეორგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის, ხოლო 12 ათას ლარამდე - საინფორმაციო რგოლების რადიოში განთავსებისათვის.” - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

თბილისის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით, 2018 წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2 მლნ 717 ათას ლარი, რაც 2017 წელს იმავე მუხლით დახარჯულ თანხებზე 1 მლნ 790 ათას ლარით მეტია.

IDFI-ის განმარტებით, მსგავსი ხარჯების ზრდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნამ განაპირობა, “კერძოდ, 2018 წლის ხარჯიდან 2 მილიონ 352 ათასი - სააგენტოს ხარჯია, ხოლო 364 ათასი ლარი უშუალოდ მერიის ადმინისტრაციიდან დაიხარჯა. სააგენტოს მიერ დახარჯული თანხები რეკლამასთან ერთად მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯსაც.”

IDFI-ის კვლევა, რომელიც 2017-2018 წლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს ხარჯებს ეხება, დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. კვლლევაში არ მოხვდა თბილისის საკრებულოს 2017-2018 წლებში გაწეული სარეკლამო ხარჯები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკრებულომ აღნიშნული ინფორმაცია არ მოაწოდა.



შენიშვნა: სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია IDFI-ს ინფოგრაფიკა


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ