20.11.2019
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 18 ნოემბერს
გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის
კვლევის შედეგების მიხედვით,
ქართულ მედიას გამოკითხული მოსახლეობის 72% ენდობა და ინსტიტუტებს
შორის ნდობის მიხედვით, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, მესამე ადგილს
იკავებს. ამავე ორგანიზაციის მიერ ივნისში გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

კვლევის შედეგების მიხედვით,
83%-ით ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ქართული ტელევიზიები
რჩება, 21%-ით მას სოციალური მედია, 10%-ით ინტერნეტსააგენტოები,
5-5%-ით კი რუსული ტელეარხები და ქართული ბეჭდვური მედია მოსდევს.
ინფორმაციას ქართული რადიოსადგურებიდან გამოკითხულების მხოლოდ 3%
იღებს, დასავლურ ტელევიზიებიდან კი - 2%. კვლევის თანახმად,
გამოკითხულების ყველაზე მეტი რაოდენობა - 39% ტელეკომპანია „იმედს“
ენდობა, 18% „მთავარ არხს“, 13% „რუსთავი 2“-ს, 6% „ტელეკომპანია
პირველს“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი - მხოლოდ 2%.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია
„იმედი“ ყველაზე ხშირად ყურებადი ტოქშოუების კუთხითაც ლიდერობს.
რესპონდენტების 25% ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ტოქშოუ „პირისპირს“
უყურებს, 12% „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციას“, 6%
„მთავარი „არხის“ „ღამის მთავარს“, 1% კი - „ტელეკომპანია პირველის“
ტოქშოუ „პირველებს“.

კვლევის ფარგლებში, კითხვა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების შესახებ მისი სარედაქციო
პოლიტიკის ცვლილების შესახებაც იყო დასმული. გამოკითხულების 40%
მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების შემდეგ, არხის
სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, 31%-ის მოსაზრებით ნაწილობრივ
შეიცვალა, 7% მიიჩნევს, რომ თითქმის არ შეცვლილა, 5%-ის მოსაზრებით კი
- საერთოდ არ შეცვლილა.
კვლევის ავტორებმა რესპონდენტებს კითხვა საქართველოში მედიის
თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებაც დაუსვეს.
აღმოჩნდა, რომ მედიას სრულად თავისუფლად გამოკითხულების მხოლოდ 16%
მიიჩნევს, 43% ფიქრობს, რომ ის ნაწილობრივ თავისუფალია, 21%-ის
მოსაზრებით ის არც თუ ისე თავისუფალია, 8% ამბობს, რომ თავისუფალი არ
არის, 12%-ს კი - კითხვაზე პასუხი არ აქვს ან უარს ამბობს
პასუხზე.
მათგან, ვინც ამბობს, რომ მედია თავისუფალი არ არის, კითხვაზე: „რატომ
არ არის გამოხატული ქართულ მედია განსხვავებული პოლიტიკური
შეხედულებების გამოხატვაში თავისუფალი?“ – 67% პასუხობს, რომ მედია
ხელისუფლების წნეხის ქვეშაა, 13% ამის მიზეზად მედიაში არსებულ
კორუფციას ასახელებს.
კვლევა ინტერნეტის მოხმარების სიხშირის შესახებ კითხვასაც მოიცავდა.
რესპონდენტების 56% ამბობს, რომ ინტერნეტთან წვდომა ყოველდღიურად
აქვს, 31% ამბობს, რომ არასდროს, 4% ინტერნეტს კვირაში 4-6-ჯერ მაინც
მოიხმარს, 6% კი - 1-3-ჯერ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე
პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის
კვლევების/გელაპმა (The Gallup) ჩაატარა. კვლევის ფარგლებში,
საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი
გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო
ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.