“ჟურნალისტებს მოთმენა უნდა ასწავლო” - აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს
22.11.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძემ პირველ კენჭისყრაზე საბჭოს ოთხი წევრიდან ორის ხმა მიიღო, რამდენიმე წუთში გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე კი სამი ხმა და გამარჯვებული გახდა.

სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე შეჩერდა დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, რომლის გაგრძელების უფლება მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში ოთხივეჯერ მონაწილეობდა. პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია, მესამე კონკურსზე კი (რომლის კენჭისყრა 22 აგვისტოს გაიმართა) 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა და ამათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კოხრეიძე ამბობდა, რომ რადგან ბეჟან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ის ოთახში დამსწრის სტატუსით იმყოფებოდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ, უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ, დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ.

ბიოგრაფია
 
გიორგი კოხრეიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი; კოხრეიძე 2005 წლიდან იყო ტელეკომპანია 202-ს თამფუძნებელი და დირექტორი.  ასევე არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომლები შშმპ პირების უფლებების თემებზე მუშაობდა. კოხრეიძე ასევე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი


ფრაგმენტები კოხრეიძის გასაუბრებიდან

აჭარის ტელევიზიის ახალარჩეული დირექტორი ფიქრობს, რომ მაუწყებლის თანამშრომლებმა მოთმენა უნდა ისწავლონ. ამის შესახებ მან დღეს, არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე, მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრებისას რამდენჯერმე, სხვადასხვა კონტექსში განაცხადა.

“რატომ არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გვესმის ყურში, თავდაცვის მიზნით ხდება ეს თუ რის ხდება არ ვიცი, ვიღაცა, რომელიღაცა რესპონდენტი შემოეკამათა წამყვანს. ეს პრობლემა ძალიან მარტივად გვარდება და ამას აქვს მიზეზი, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ მსგავსი გვინახავს სხვაგანაც, მაგრამ არ მისულა ეს ყველაფერი იმ ბოლო კონფლიქტამდე, რომელმაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამისთვის არის საჭირო ის, რომ გააცნობიეროს ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა, რომ ის ყოველთვის არის მიმტანი, ყოველთვის არის მიმტანი გარკვეული ინფორმაციის”, - თქვა მან მისი პრეზენტაციის ნაწილში.

ასევე განაცხადა, რომ როდესაც კრიტიკულობაზე ვსაუბრობთ, “რა თქმა უნდა ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ეს თუ დადის თანამშრომლის დონზე, იქ უკვე მის განწყობაზე ვართ დამოკიდებული, იმან როგორ გაიღვიძა დილას და ძალიან ბევრ მომენტზე ვართ და, აი, ეს თუ არ იქნა გარკვეულწილად დაბალანსებული, ყოველთვის მოხდება მსგავსი რაღაცეები, რაც არ უნდა მოხდეს”.

ბორდის ერთ-ერთი წევრის თამარ წილოსანის კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გიორგი კოხრეიძემ განაცხადა, რომ ამისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო, “დაიცვან თანამშრომლები ზეწოლისგან, შენ ამაში არ უნდა ჩაერიო. უნდა დაიცვა ყველაფრისგან, მაგის გარანტიას, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ გადახედავთ, არასოდეს, არასოდეს, არ მითქვამს ბრძოლაზე უარი, არასოდეს არ დამითმია იქ, სადაც ვყოფილვარ მართალი”.

ამავე თემაზე საუბრისას მან თქვა, რომ ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ როგორ არ შევიდნენ კონფლიქტში რესპონდენტთან: “მე გადავეფარები თითოეულ მათგანს, მაგერამ ვასწავლი მას როგორ არ შევიდეს კონფლიქტში, ვასწავლი როგორ გაიმარჯვოს კონფლიქტში არშესვლით სიტუაციაზე…. ცხოვრებამ მასწავლა მუშტის და ძალის გარეშე როგორ შეიძლება გაიმარჯვო და ზუსტად ეს უნდა ასწავლო. ჟურნალისტი, როდესაც რესპონდენტი უზის და აღიზიანებს, მას შეიძლება ბევრის მოთმენა მოუწიოს ძალიან, ძალიან ბევრის მოთმენა, ეს მოთმენა უნდა ასწავლო”.

რაც შეეხება მაუწყებელთან დაკავშირებულ გეგმებს, კოხრეიძემ პირობა დადო, რომ სამი წლის შემდეგ “მინიმუმ, მინიმუმ, შენობის საკითხი გადაწყვეტილი იქნება, შეიძლება უკვე გადასულიც იყოს იმ პერიოდში”.

ასევე მან თქვა, რომ სამ წელიწადში მინიმუმ ორჯერ გაიზრდება მაყურებლის რიცხვი და დააზუსტა, რომ ამაში წვდომას გულისხმობს: “ეგეც ცოტაა, მაგრამ ვთქვათ რომ ორჯერ, მაგრამ მეტი იქნება რა, დარწმუნებული ვარ. წვდომა, წვდომაზე ვსაუბრობ, იმდენი საშუალებებია ჩადებული ელექტრონულ მედიაში, იმას თუ გამოვიყენებთ, წვდომა შეიძლება ძალიან მაღლა წავიდეს. რაც გააკეთა პირველმა არხმა და დღეს მიაღწია, რომ არის პირველ ადგილზე”.

გიორგი კოხრეიძემ ისაუბრა მაუწყებლის ბიუჯეტზეც და განაცხადა: “რაც ვიცი, რაც წარმოდგენა მაქვს, ერთი თეთრი არ არის განვითარებისთვის და სხვა საშუალებები უნდა ეძებო, პირველ რიგში, პირველ წელიწადს, ამ წელიწადს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მოვამზადოთ პერიოდი იმისათვის თუ მოვიზიდავთ რაღაც თანხას, თუ მოვიზიდავთ, მოვიზიდავთ. მე ძლიან დიდი იმედი მაქვს გრანტების. არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც მომიწევს, წინა დირექტორი აკეთებდა ისეთ რაღაცას, რომელიც ალბათ მომიწევს გაგზავნა აუდიტთან, კითხვის დასმა, თუ ეს პროცესი არის სწორი, მაშინ გამოდის რომ ძალიან დიდი საშუალება გაჩნდება დონორების მოზიდვის. თუ არ არის, მაშინ მომიწევს სხვანაირად კეთება”.

ასევე ახსენა, რომ აპირებს გაიცნოს ადამიანები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში ერთობლივი ინიციატივებისთვის. თუმცა, რას გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია და კითხვა არც ბორდის წევრებს შეუბრუნებიათ.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ