10.12.2019
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განცხადება გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის დიდ გამარჯვებად შეაფასა.
“გუშინ, 9 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას ითხოვდნენ.... სტრასბურგის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და დღეიდან არავითარ გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. ეს არის, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს საჩივარი მიმართული, დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება”.
18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა 24 ოქტომბერს მოითხოვეს. სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ კი 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო.