რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ მაუწყებლები ციხეში გამართული ღონისძიების გასაშუქებლად
11.12.2019
“იმედი”, “პირველი არხი”, “რუსთავი 2” და “მაესტრო” - 10 დეკემბერს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გამართული ღონისძიების გასაშუქებლად, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, მხოლოდ ეს ოთხი მაუწყებელი მიიწვიეს. შერჩეული მედიების წინასწარ შედგენილ სიაში ვერ მოხვდნენ სხვა მაუწყებლები, მათ შორის, ისინი, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან უშიკიშვილმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ ღონისძიებაზე მედიები წინასწარ შერჩევით მიიწვიეს. ჩვენს შეკითხვაზე რა პრინციპით შეარჩიეს მედიასაშუალებები, გვიპასუხა:

“ჩვენ ესეთ ღონისძიებებზე ვიწვევთ იმათ, ვინც ციხის თემატიკით არის დაინტერესებული და არა, ვთქვათ, იმ დღის სხვა თემებით, რისთვისაც არსებობს სამინისტროში ბრიფინგი, პრესკონფერენცია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები”.

პენიტენციურ დაწესებულებაში მინისტრის სტუმრობის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა კოლეგებისგან შეიტყო. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გადამღებმა ჯგუფმა ღონისძიებაზე წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულები დაწესებულებაში არ შეუშვეს, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ტელეკომპანია “ფორმულა” სიაში არ იყო:

“როგორც ვიცი, გუშინ დაურეკეს რამდენიმე არხის პროდიუსერს და უთხრეს, რომ დღეს 2 საათზე იყო ღონისძიება და თეა წულუკიანი უნდა მისულიყო რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. ჩვენ შემთხვევით გავიგეთ და გადავწყვიტეთ მისვლა, რადგან ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ გამოვრჩით. არ მეგონა, რომ ის პრობლემები შეგვექმნებოდა, რაც ადგილზე დაგვხვდა. ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩავედით და პრესსამსახურმა გვითხრა, რომ არ ვიყავით სიაში და ვერ შეგვიშვებდნენ. პრესსამსახურმა განმიმარტა, რომ სია წინა დღეს იყო შედგენილი”, - გვიყვება “ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი.

შეკითხვაზე, რატომ არ შეუშვეს “ფორმულას” გადამღები ჯგუფი, რუსუდან უშიკიშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მედიის დასაშვებად ერთი საათი საკმარისი არ იყო: “ერთი საათით ადრე ვერ მოხდებოდა ციხეში დაშვება. ფიზიკურად ვერ შევუშვებდით, იმიტომ, რომ დაშვებას თავისი წესები აქვს”.

პენიტენციურ დაწესებულებაში გამართული ღონისძიების შესახებ არც “ტვ პირველი” და “მთავარი არხი” იყო ინფორმირებული. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მედიების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა სამთავრობო უწყებების მხრიდან უკვე პრაქტიკაა:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მსგავს დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებს კრიტიკული მედიის მიმართ. ზუსტად იგივე პრაქტიკა ჰქონდათ რამდენიმე კვირის წინაც, საერთოდ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რა ღონისძიება იმართებოდა. იგივე გააკეთეს დღესაც. ჩვენ როდესაც გავიგეთ, უკვე ღონისძიება იმართებოდა და რუსთავში ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ვეღარ ჩავასწრებდით. სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი მედიასთან კომუნიკაციაზე ამ უწყებიდან.”

თეა წულუკიანის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან კრიტიკული ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კრიმინალური სუბკულტურაზე და არაფორმალური მმართველობაზე ისაუბრა. ცხადია, ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამის გამო, ტელეკომპანია “მთავარში” და “ფორმულაში” ფიქრობენ, რომ კრიტიკული მედიის მიწვევა მთავრობის ინტერესში არ შედიოდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ