24.12.2019
ხუთკაციანი საკონკურსო კომისიის ხმები ასე გადანაწილდა:
- ირმა ზოიძე - 5 ხმა
- გია ქარცივაძე - 4 ხმა
- ლაშა ზარგინავა - 3 ხმა
წაიკითხეთ ვინ
მონაწილეობდა კონკურსში: აჭარის ტელევიზიის მეხუთე მრჩეველს 9
განმცხადებლიდან შეარჩევენ
როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, თამარ მამეიშვილი “მედიაჩეკერთან” ამბობს, კომისიამ საბჭოსთვის წარსადგენი კანდიდატები კენჭისყრით, მიღებული ხმების მიხედვით შეარჩია: “საკმაოდ კარგი კანდიდატები იყვნენ, გვქონდა ფუფუნება, რომ კარგებს შორის საუკეთესოები შეგვერჩია"
მისივე განმარტებით, კანდიდატების შერჩევისას კომისიამ რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის: კანდიდატის პრინციპულობა, ბრძოლისუნარიანობა, კეთილსინდისიერება, ასევე, მათი ხედვა, კონცეფცია და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სიტუაციის მათეული შეფასება.
“დებატები გაიმართა აჭარის მაუწყებელზე კანდიდატებს შორის და გარკვეული მოსაზრებები ამ დებატების შემდეგაც გაგვიჩნდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასაუბრება, სადაც უკვე ცოცხალ რეჟიმში ვცდილობდით, რომ გაგვეგო კანდიდატების ხედვა და მიგვეღო კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები”, - ამბობს თამარ მამეიშვილი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს, ამ სამი კანდიდატიდან, უმაღლესი საბჭო შეარჩევს. ბორდში ვაკანტური “ნაციონალური მოძრაობის” კვოტაა.
ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 5 დეკემბერს განაცხადეს, რომ თავიანთ კვოტას საზოგადოებისთვის და მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის მისაღებ კანდიდატს დაუთმობდნენ.
''ჩვენს კვოტას ვთმობთ საზოგადოების სასარგებლოდ... ჩვენ აჭარის ტელევიზიის იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის და საზოგადოებისათვის მისაღებ კანდიდატს დავუჭერთ მხარს", - განაცხადეს დეპუტატებმა.