25.12.2019
“აღშფოთებას და პროტესტს იწვევს, როდესაც სხვა ტელევიზიები აგროვებენ მილიონობით ვალს და ჩვენ მიმდინარე დავალიანებაზე სახელმწიფო გვებრძვის და ულტიმატუმებს გვიყენებს. ეს არის პრობლემა, თორემ ვალდებულებებს ჩვენ არ გავურბივართ და არც არასდროს არ გავქცევივართ”, - ამბობს “TV პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.
მისი თქმით, ნოემბრის მიმდინარე დავალიანება დაახლოებით 100 000 ლარი იყო.
“TV პირველისგან” განსხვავებით, “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი არ აპირებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, რაც მისი თქმით, ძალიან სასაცილო თანხაა. ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არათანაბარ პირობებში აყენებს ტელევიზიებს და ამბობს, რომ “კავკასია” იქამდე არ გადაიხდის გადასახადს, სანამ “იმედი” და “რუსთავი 2” მილიონობით ლარის დავალიანებას არ დაფარავენ:
“ეს არის კატასტროფული უსამართლობა, ეს არის საბაზრო უპირატესობის მინიჭება სამი კონკრეტული არხისთვის. რაც მათ იმდენად დიდ უპირატესობას აძლევს, რომ წარმოუდგენელია ასეთ კონკურენციაზე ლაპარაკი. პირველ რიგში, მე ვითხოვ, რომ ფინანსთა მინისტრმა გაგვაგებინოს, “რუსთავი 2-თან” და “იმედთან” რა მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ მეტყვიან, რომ ისინი ფარავენ ხვალ 55 მილიონს, მეც უსიტყვოდ, მივდივარ და ჩემს დავალიანებას მთლიანად ვფარავ ხვალ”.
მათ გარდა, ინკასო დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ანგარიშებს. მაუწყებლის დირექტორი პაატა სალია “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ არხისთვის ინკასოს დადება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებაა, რადგან, შესაძლოა, ტელეკომპანიის საქმიანობა შეფერხდეს.
“მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ, დღესასწაულების წინ, არხის პარალიზება არ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა იჩენს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი გროვდებოდა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ახლა ისინი ვალებს იხდიდნენ, უბრალოდ, აქვთ მცირედი გადაცილება დროში, - “აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ესეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს ესეთი ღონისძიებები მომავალში. ჩვენ ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ”
დავალიანების გამო დღეს ინკასო დაედო ერთი რეგიონული არხის ანგარიშებსაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ამ ტელევიზიის დავალიანება 1200 ლარი იყო.
“ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, შერჩეული საგადასახადო პოლიტიკით. კონკრეტულად ვამბობთ, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, როცა კონკრეტული პირის მხრიდან (და გასარკვევია, ვისი მხირდან) გაიცა ბრძანება, რომ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ კონკრეტულ მაუწყებლებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ვალების დაგროვება. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, ვითხოვთ შედეგებს, ვითხოვთ პირობების გათანაბრებას”, - ამბობს იგი.
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსიც.
“ხელისუფლება იყენებს ეკონომიკურ ბერკეტს დამოუკიდებელი მედიის შესავიწროვებლად, ეს ჩანს ძალიან ბევრ რამეში. ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს მოწადინებული, ესაუბროს მედიას და აუხსნას, რატო აწარმოებს ამგვარ პოლიტიკას. მიხვდეს, რომ არასწორია ეს პოლიტიკა და შეეცადოს გამოსწორებას. თუმცა არანაირი მცდელობა არ აქვთ და პირიქით, უფრო სადამსჯელო ნაბიჯებს დგამენ, რაც ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზე. ეს კარგად არ დასრულდება”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
როგორ განვითარდა
მოვლენები
ფინანასთა სამინისტროს განცხადება, რომ ძველი ვალების დასაფარად
მაუწყებლებს შემოსავლების სამსახურისთვის მათეული განრიგები უნდა
წარედგინათ, 1 ოქტომბრიდან კი ვალები აღარ დაეგროვებინათ, მიმდინარე
წლის აგვისტოში გავრცელდა.„ვიქნებით ლოიალური წარსულ დავალიანებასთან, მაგრამ პრინციპული მიმდინარე ვალებთან“, - განაცხადეს მაშის სამინისტროში და მაუწყებლებს ორკვირიანი ვადა მისცეს ვალის დაფარვის მათთვის მოსახერხებელი პირობების შესათავაზებლად.
მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე მსხვილი დავალიანება სამ ტელეკომპანიას ჰქონდათ ესენია: „რუსთავი 2“ – 28 მლნ დავალიანებით, „იმედი“ – 19 მლნ და „მაესტრო“ დაახლოებით 8 მლნ ლარით.
“მედიაჩეკერი” მთელი დღის განმავლობაშ ცდილობდა ამ ტელევიზიებთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, რა შეიცვალა მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, დაფარეს თუ არა დავალიანება, ან დაიწყეს თუ არა მათი დაფარვა, რამე განრიგის მიხედვით, თუმცა, არც "იმედიდან" და არ "რუსთავი 2-დან" მედიაჩეკერის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.
რაც შეეხება დავალიანებებს, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან წარმოეშვებოდათ ტელევიზიებს, მათი დაფარვისთვის 1-დღიანი ვადა მაუწყებლებს 23 დეკემბერს მისცეს და ეს ვადა გუშინ, 24 დეკემბერს ამოიწურა.
- ამავე თემაზე წაიკითხეთ: რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებები