“მედიაზე ზეწოლა სირცხვილია”, “სოლიდარობა კავკასიას“, “ვერ
დაგვადუმებთ”, “სოლიდარობა ტვ პირველს”, “თავისუფლება მედიას” - ამ
ლოზუნგებით დღეს 12:00 საათზე ტელეკომპანია “კავკასიასთან” საპროტესტო
აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის
წარმომადგენლებმა მაუწყებლების ანგარიშებზე ინკასოს დადება
გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ტელევიზიებზე ინკასოს დადებას
უსამართლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა არხი თანაბარ პირობებში
უნდა იყოს:
“ეს არის მარტივად დასანახი ხელწერა “ქართული ოცნების”, რომელსაც არ
მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი, თავისუფალი მედია… თითზე
ჩამოსათვლელი მედია დაგვრჩა, რომელსაც ვერ აკონტროლებს, მათ შორის
ერთ-ერთი კავკასიაა, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ექცევა”, - თქვა გიგა
მაქარაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას.
ტელეკომპანია TV პირველის, რუსთავი 2-ის, კავკასიის და ერთი რეგიონული
არხის ანგარიშებს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, ფინანსთა
სამინისტრომ ინკასო 25 დეკემბერს დაადო. ფინანსთა სამინისტროს
გადაწყვეტილებას მაუწყებლებში უსამართლობად აფასებენ და მიიჩნევენ,
რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
ერთდღიანი ვადა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მაუწყებლებს პირველი
ოქტომბრიდან დაგროვებული დავალიანებების დასაფარად მისცა, 24
დეკემბერს ამოიწურა. “ტვ პირველი”, “რუსთავი 2” და, ასევე, ერთი
რეგიონული არხი, რომელსაც ინკასო დაედო, დავალიანების დაფარვას
შეძლებისთანავე აპირებენ. რაც შეეხება ტელეკომპანია “კავკასიას”,
არხის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიმდინარე დავალიანების გადახდას
არ აპირებს და ამბობს, რომ “კავკასია” იქამდე არ გადაიხდის
გადასახადს, სანამ “იმედი” და “მაესტრო” მილიონობით ლარის
დავალიანებას არ დაფარავენ.
სტატიაში გამოყენებულია ინტერპრესნიუსის
ფოტო.