"ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის ტელევიზიის მეხუთე მრჩევლად გია ქარცივაძე წარადგინა
27.12.2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად ფრაქცია ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' გია ქარცივაძე დაასახელა. სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცხრა განმცხადებლიდან სამი - ირმა ზოიძე, გია ქარცივაძე და ლაშა ზარგინავა, 24 დეკემბერს შეარჩია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი მათგან სასურველი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოს დღეს, 27 დეკემბერს წარუდგინა.

გია ქარცივაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი და აჭარის ტელევიზიის HR-ია. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ასმათ დიასამიძე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, რომ სამივე კანდიდატი კვალიფიციური იყო, თუმცა გია ქარცივაძეზე არჩევანის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეს:

“დილემის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ყველა კანდიდატი იყო კვალიფიციური, ღირსეული და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ თითოეულს. გია ქარცივაძეზე არჩევანი, პირველ რიგში, იმიტომ შევაჩერეთ, რომ გიამ ძალიან კარგად იცის მთელი შიდა სამზარეულო ტელევიზიის. წლებია იქ მუშაობს და პროცესებში იყო ჩართული ორივე დირექტორის შემთხვევაში(იგულისხმება ნათია კაპანაძე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე). მეორე მიზეზი არის, რომ ის არის კვალიფიციური იურისტი და ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბორდში იყოს წარმომადგენელი, რომელსაც არ გამოეპარება იურიდიული ნიუანსები. ამ ძირითადი მიზეზების გამო შევაჩერეთ მასზე არჩევანი.”

ჩვენს კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვთ ფრაქციაში, ასმათ დიასამიძე გვპასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ უმაღლეს საბჭოს კითხვის ნიშნები, კვოტირებასთან და პარტიულობასთან დაკავშირებით, არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ პარტიული ნიშნით არ შეგვირჩევია. ვალდებული არიან, რომ მხარი დაუჭირონ, რადგან ეს არის საზოგადოების და ჩვენი კვოტა, საზოგადოების პოზიცია.”

მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე ოთხი წევრია. სამი მათგანი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ბორდში ''ქართული ოცნების'', ხოლო ერთი თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული. წილოსანი, ამავე დროს, არჩევისას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელი იყო, - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ