რაზე წერდა "მედიაჩეკერი" 2019 წელს
30.12.2019

2019 წელს "მედიაჩეკერის" არქივში ასობით მასალა დაგროვდა.  გასული წლის მსგავსად, წელსაც, განყოფილება "ეთიკაში" 130-ზე მეტი მასალა იძებნება მანიპულაციურ, დაუბალანსებელ, მიკერძოებულ, ზედაპირულ თუ სხვადასხვა ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადებულ სტატიებსა და სიუჟეტებზე.

მიმდინარე წელს გამოწვევა იყო სუიციდის შემთხვევების ეთიკური გაშუქება და ამ თემაზე "მედიაჩეკერს" ყველაზე ხშირად უწევდა წერა.  კონკრეტული, ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადებული მასალების მიმოხილვის გარდა, წელს "მედიაჩეკერმა" ჟურნალისტებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, რამდენიმე სარეკომენდაციო ხასიათის მასალა, სტატია, ინტერვიუ და ვიდეოგზამკვლევიც მოამზადა.  მიუხედავად ამისა, ეს თემა მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ თემად ქართული მედიის ნაწილისთვის. 



შედარებით შემცირდა, თუმცა, პერიოდულად მედიაში მაინც ჩნდება ბავშვთა საკითხებზე არაეთიკურად მომზადებული მასალები. ასეთ მასალებში ბავშვები ხშრად ქველმოქმედების მიმღებ ობიექტებად არიან წარმოჩენილი, მათი უმეტესობა ზედაპირული და ცალმხრივია და მიზნად არ ისახავს სისტემური პრობლემის ჩვენებას. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასალები ინტენსიურად ჩნდება ხოლმე ახალი წლის მოახლოებისთანავეც.



გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს შემცირდა ისეთი თემების რაოდენობა, რომლებსაც რომელიმე ცენტრალური არხი არ აშუქებდა, საუბარია ე.წ.  გამოტოვებულ თემებზე.   "მედიაჩეკერზე" წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი აქტიური რუბრიკა იყო. თემების გამოტოვების ნაცვლად, წელს ასეთი თემების კადრ-სინქრონებად გაშუქების ტენდენცია შეინიშნებოდა. 



მიმდინარე წელს ჟურნალისტებისთვის გამოწვევა იყო ე.წ. რადიკალური ჯგუფების გაშუქება და "მედიაჩეკერის" არქივში ამ თემებზეც შეგიძლიათ არაერთ საინტერესო მასალას გაეცნოთ. 

2019 წელი საქართველოში პოლარიზებული მედიაგარემოთი გამოირჩეოდა. ეს განსაკუთრებულად ჩანდა სხვადასხვა საკითხების გაშუქებისას. ასეთი კი წელს, ასევე ბევრი მოვლენა იყო, მათ შორის: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები, სპეცოპერაცია პანკისში ...   პოლარიზებული და მიკერძოებული მედიის მაჩვენებლი იყო წელს კიდევ ერთი ტენდენცია - არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, რაზეც ასევე არაერთი მასალა მოამზადა "მედიაჩეკერმა".


2019 წელს, წლის მიწურულს, მედიისთვის კიდევ ერთმა გამოწვევამ იჩინა თავი და ეს რელიგიური თემების გაშუქებას შეეხებოდა.  თუ ერთ შემთხვევაში მედიის ნაწილმა ეპისკოპოსის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა, მეორე შემთხვევაში, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემა ისე გააშუქა, არ უცდია აუდიტორიისთის დამატებითი დეტალები მოეძიებინა.

უფრო მეტი თემა, რაც ეთიკურ დარღვევებს შეეხება, შეგიძლიათ ამ ბმულზე მოიძიოთ. 


მედიაგარემოს ტენდენციები

გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელი მძიმე იყო მედიაგარემოსთვის.  წელს განსაკუთრებით ბევრი მოვლენა აჭარის ტელევიზიისა და "რუსთავი 2-ის" ირგვლივ ხდებოდა. აჭარის ტელევიზიაში პროცესები ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტით დაიწყო, არაერთხელ ჩაშლილი კონკურსით გაგრძელდა და ახალი მრჩეველთა საბჭოსა და ახალი დირექტორის არჩევით დასრულდა. 

იხილეთ ამ თემებზე:

"რუსთავი 2-ზე" "კურიერის ერთთვიანი წყვეტა და ორი ახალი მაუწყებლის , "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაარსება მოჰყვა "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ერთი მედიიდან წამოსვლისა და მეორე მედიის დაფუძნების შემთხვევა იყო ონლაინმედიაშიც. 2019 წელს სარედქციო გუნდმა დატოვა ლიბერალი და დააფუძნა ახალი პლატფორმა "პუბლიკა".  წლის ბოლოს ეს ამბები იმით დასრულდა, რომ "ლიბერალი" დაიხურა. "მედიაჩეკერი" მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა მის მფლობელთან ინტერვიუს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ თემაზე მასალას ვერ ნახავთ, რადგან ინტერვიუ არ შედგა. 

2019 წელს დაფიქსირდა მასშტაბური კიბერშეტევა მედიაზე. 

წლის ბოლოს "მედიაჩეკერს" კიდევ ერთ მძიმე თემაზე - მაუწყებლების ინკასოზე მოუხდა მასალების მომზადება.  სამი ცენტრალური და ერთი რეგიონული ტელევიზიის ანგარიშებს ინკასო საგადასახადო დავალიანების გამო დაედო. აღსანიშნავია, რომ "მედიაჩეკერი" იყო პირველი, რომელმაც მაუწყებლების საგადასახადო დავალიანებების შესახებ მოამზადა მასალა მიმდინარე წლის მარტის თვეში.



2019 წელი სხვა ბევრი მხრივაც მძიმე იყო მედიისთვის.  მედიაგარემოში მომხდარი ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების გარდა, წელს ხშირი იყო ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლისა და პოლიტიკოსების მზრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები.  გასული წლების მსგავსად, ამ შემთხვევების უმეტესობა არც წელს გამოუძიებია შესაბამის ორგანოებს. ამ მიზეზების გამო, წლის მიწურულს, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მომუშავე ათობით ჟურნალისტმა პარლამენტის წინ საპროტესო აქციაც გამართა. 

განსაკუთრებულად მძიმე კი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის გაშუქება იყო, რა დროსაც, მედიის 40-მდე წარმომადგენელ დაშავდა.





"მედიაჩეკერზე" იპოვით მასალას რეგიონული მედიის შესახებაც. 2019 წელს მედაბაზარზე რეგიონული მედიის კონტენტის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეინიშნებოდა. 

               ⇒   ამ თემაზე წაიკითხეთ: გამქრალი გაზეთები, ადგილობრივი ამბების დეფიციტი და რეგიონული მედიის სხვა პრობლემები

მედიაგარემოს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, წლის მიწურულს "მედიაჩეკერმა" ერთ სტატიაში შეაჯამა და ამ ამბებს შეგიძლიათ ამ  ბმულზე გაეცნოთ. 


                         სასარგებლო და საინტერესო მასალები ჟურნალისტებისთვის

მედიაკრიტიკა და მედიაგარემოს ტენდენციები "მედიაჩეკერის" ძირითადი სამუშაო მიმართულებებია, თუმცა, არა ერთადერთი. ვებგვერდზე, განყოფილებაში - WIKI - არაერთ საინტერესო მასალას იპოვით საერთაშორისო მედიაში მიმდინარე ამბებზე, უცხოური მედიის ეთიკურ დილემებზე, საინტერესო და ცნობილ ჟურნალისტებზე, ნახავთ ფოტოისტორიებს და იპოვით სვადასხვა რესურსებსა და რეკომენდაციებს, რაც მუშაობასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხამრებათ. 

ამ განყოფილებიდან გირჩევთ:


ვინაიდან 2019 წელი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, "მედიაჩეკერმა" სხვადასხვა საერთაშორისო გაიდლაინი მოიძია და თავი მოუყარა რჩევებს ჟურნალისტებისათვის - როგორ მოვემზადოთ საპროტესტო აქციების გასაშუქებლად.

მიმდინარე წელს რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში ციფრული უსაფრთხოების საკითხიც. 

ამ თემაზე გირჩევთ:


და ბოლოს,  "მედიაჩეკერზე" ასევე იპოვით, 8 აპლიკაციას, ვიდეოს მობილურში დასამონტაჟებლად   და რჩევებს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი გვერდი სოციალურ მედიაში, ან როგორ გამოვიყენოთ Instagram-ი კიდევ უფრო ეფექტურად.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ