კომუნიკაციების კომისიამ "ობიექტივი" რუსულ ენაზე გასული გადაცემის გამო დაასანქცირა
09.01.2020
კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა.

"შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხდებაში.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ