ეს არის ძირითადი მიგნებები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) მიერ დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის მედიის ნაწილიდან.
⇒ მაყურებლების ნდობა და ტელევიზიების
მიკერძოებულობა
NDI-ს კვლევის მიხედვით, ნდობის ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი ტელეკომპანია “იმედს” აქვს - 30% (2019 წლის აპრილში ეს
მაჩვენებელი 32% იყო). თუმცა, ამავე კვლების შედეგების მიხედვით,
გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ “იმედი” “ქართული ოცნების” ინტერესებს
გამოხატავს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ახალდაარსებულ “მთავარ არხს” უფრო მეტი
მაყურებელი ენდობა, ვიდრე “რუსთავი 2-ს”. ამ უკანასკნელის მიმართ
ნდობა, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 16%-ით არის შემცირებული. თუ
აპრილის თვეში, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო
ინფორმაციის მისაღებად, მოსახლეობის 28% “რუსთავი 2-ს” ენდობოდა,
ნოემბრის მონაცემებით, მათი რიცხვი 12%-ს შეადგენს.
“მთავარ არხს”,
რომელმაც მაუწყებლობა სექტემბრიდან დაიწყო, ნდობას 18% უცხადებს.
“მთავარი არხის” შემთხვევაში, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ
პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებული გადაცემებით,
არხი ოპოზიციის ინტერესების
გამტარებელია.
NDI-ს კვლევა, 2020, იანვარი. ინფოგრაფიკა კვლევის შედეგებიდან
უცვლელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ნდობის მაჩვენებელი
- 3% და ამ მაჩვენებლით ის უსწორდება აზერბაიჯაინის AzTv-ს.
გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ არხი “ქართული ოცნების” ინტერესებს
გამოხატავს, 7% ფიქრობს, რომ მაუწყებელი ოპოზიციის ინტერესებს
ატარებს, 27% კი თვლის, რომ პირველი არხი არცერთის ინტერესებს არ
ატარებს. ტელეკომპანია “ფორმულაზე” გამოკითხულთა 26% , “რუსთავი2-ზე”
- 29%, “TV პირველზე” კი - 18% ფიქრობს, რომ ეს მაუწყებლები ოპოზიციის
ინტერესებს გამოხატავენ.
პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის
მისაღებად, არცერთ არხს არ ენდობა გამოკითხულთა 20%. ზოგადად,
საინფორმაციო საშუალებებს საქართველოში სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 6%
ენდობა, 10% საერთოდ არ ენდობა, 66% კი მხოლოდ ნაწილობრივ უცხადებს
ნდობას.
⇒ ახალი ამბები და
ინტერნეტი
პოლიტიკისა და მიმდინარე
მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი
პირველი წყარო გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (69%) ტელევიზია,
24%-ისთვის კი ინტერნეტი/ფეისბუქია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის
აპრილში ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ ტელევიზიას 72%,
ინტერნეტს/ფეისბუქს კი 21% ასახელებდა.
კვლევის მიხედვით, ინტერნეტის მოხმარებისას, გამოკითხულთათვის ყელაზე
ხშირი აქტივობა ფეისბუქის გამოყენებაა. ფეისბუქის მოხმარებისას კი
53%-ს ხშირად პოლიტიკური ახალი ამბები ხვდება.
ინტერნეტის მომხმარებლების 37% ფიქრობს, რომ სოციალური მედია
(ფეისბუკი, ტვიტერი, ბლოგები და ა.შ.) მიმდინარე მოვლენების უკეთესად
გაგებაში ეხმარება. 14%-სთვის უფრო მეტად დამაბნეველია, 36 % კი
ამბობს, რომ მათზე გავლენა საერთოდ არ აქვს.
NDI-ს კვლევა, 2020, იანვარი. ინფოგრაფიკა კვლევის
შედეგებიდან
NDI-ს კვლევა, 2020, იანვარი. ინფოგრაფიკა კვლევის
შედეგებიდან
⇒ კვლევის შესახებ
NDI-ის კვლევებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით, CRRC საქართველო ატარებს.
NDI-ის აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და
აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო
ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.