სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიების გაერთიანება ჩაიშალა
21.01.2020
იმის მიუხედავად, რომ “ინდუსტრიის გაერთიანებული კომიტეტი” შეიქმნა, ვერ მოხერხდა სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიების გაერთიანება. ამის თაობაზე “მედიაჩეკერს” “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორმა ნინო გოგოლაძემ განუცხადა.

ერთი თვის წინ სწორედ ნინო გოგოლაძემ უთხრა “მედიაჩეკერს”, რომ ახალი წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს ახალი კომპანია დაითვლიდა, რომელშიც 50-50%-ით შევიდოდა ბაზარზე უკვე არსებული 2 კომპანია - “თი ვი ემ არ საქართველო” და “ტრი მედია ინტელიჯენსი”.

“სამწუხაროდ, ყველა შემოთავაზებულ ვერსიაში განიხილებოდა მეორე მხარის მიერ მხოლოდ “ტრი მედიას” არსებობა, ამიტომ გაერთიანება ვერ შედგა”, - უთხრა “მედიაჩეკერს” ნინო გოგოლაძემ.

18 დეკემბერს საჯარო რეესტრში ააიპ “ინდუსტრიის გაერთიანებული კომიტეტი” დარეგისტრირდა. კომიტეტის დამფუძნებლები არიან “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საქართველოს საბანკო ასოციაცია” და “საქართველოს სარეკლამო ასოციაცია”. აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა კომიტეტის მმართველი საბჭო, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე დაინიშნა.

კომიტეტის დამფუძნებლებს შორის არ არიან სატელევიზიო არხების წარმომადგენლები, თუმცა წინასწარ გაცხადებული იყო, რომ კომიტეტში სამივე მხარე - რეკლამის დამკვეთები, საეტელევიზიო არხები და სარეკლამო სააგენტოები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები.

წესდების მიხედვით, კომიტეტის მიზანია “საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სატელევიზიო და რადიო აუდიტორიის გაზომვების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება და გაჯანსაღება”.

სწორედ ინდუსტრიის კომიტეტს უნდა ემართა ახალი მთვლელი კომპანია, რომელიც “თი ვი ემ არ საქართველოსა” და “ტრი მედია ინტელიჯენსის” გაერთიანების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ უკანასკნელის პოზიციის გამო ეს გაერთიანება არ შედგა.

ეს ორი კომპანია 2016 წლიდან ითვლის საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს.

“ტრი მედია ინტელიჯენსის” (TMI) მფლობელები არიან მერაბ ფაჩულია (საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” დამფუძნებელი) გიორგი თევდორაშვილი (პალიტრა მედია ჰოლდინგის დამფუძნებელი). „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ცნობით, ის კანტარ მედიას სატელევიზიო აუდიტორიის ტექნოლოგიის ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. თავის მხრივ, კანტარ მედიას 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. TMI-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო, ჯი დი ესი, პალიტრა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” 100%-ანი წილის მფლობელია კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). ეს კომპანია 2005 წლიდან აწვდის საქართველოს სატელევიზიო ბაზარს კვლევის შედეგებს. “თი-ვი ემ-არ საქართველო“ ამერიკული ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია. TVMR-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან საქართველოში არიან რუსთავი 2, მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორივე კომპანიის სანდოობის მიმართ სხვადასხვა დროს პერიოდულად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მაუწყებლები. TVMR-ს წინა ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, TMI-ის კი - მოქმედი ხელისუფლების. თუმცა ამ ბრალდებებს ორივე კომპანიაში უარყოფდნენ.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ