მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ფაქტებით მანიპულირება - რ2-ის შეფასება ‘თავისუფლების მონიტორზე’ გავრცელებულ ინფორმაციაზე
13.02.2020
„რუსთავი 2“ გადაცემა „თავისუფლების მონიტორის“ შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფაქტებით მანიპულირებად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება არხის რეპუტაციის დაზიანებას ემსახურება და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც გუშინ, 12 თებერვალს, თავდაპირველად „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ საგამოძებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, “რუსთავი 2-ის” ეთერში აღარ გავა.

"რამდენიმე მედიასაშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერში "სტუდია მონიტორის" პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო. გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება "რუსთავი 2-ის" რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.



განცხადებაში „რუსთავი 2“ წერს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო: „ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა. პროექტის ფარგლებში "რუსთავი 2-მა" ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს. ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო შეჩერდა პროექტი, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია“.

„მედიაჩეკერს“, რომელიც ამ ამბის პირველწყაროა, სტატიაში ხაზგასმით არ მიუთითებია, რომ პროექტი ფილმის შინაარსის გამო შეჩერდა. მასალაში აღწერილია ფაქტები, მათ შორის ის, რომ „თავისუფლების მონიტორისთის“ მომზადებული ბოლო ფილმი მაუწყებელში გაიგზავნა, თუმცა ის ეთერში აღარ გავიდა და სწორედ ამ ფილმის სამუშაო ვერსიის გაგზავნის შემდეგ მიიღო „რადიო თავისუფლებამ“ საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე. იქვე დაზუსტებულია, რომ საუბრები პროექტის მომავლის შესახებ გაცილებით ადრე, მაუწყებელში მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლისთანავე დაიწყო.

გავრცელებულ განცხადებაში „რუსთავი 2“ ასევე წერს,“აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებას" ან "სტუდია მონიტორს" "რუსთავი 2-ის" მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა "რადიო თავისუფლებასთან" სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც“.

ამ ფაქტზე „მედიაჩეკერის“ სტატიაშიც არის საუბარი.

“დაველოდებით ასევე “რუსთავი 2-ს”, მათ ითხოვეს დრო და ჩვენ ველოდებით, თუ წამოვა მათგან რაიმე ახალი წინადადება, შემოთავაზება, მივუბრუნდებით და განვიხილავთ”, - ციტირებს „მედიაჩეკერი“ რადიო თავისუფლების მმართველი რედაქტორის ნინო ჯაფიაშვილის ნათქვამს.

„რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე,"- ვკითხულობთ „რუსთავი 2-ის“ განცხადებაში.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ