ვის და რას (არ) აკრიტიკებს "მედიაკრიტიკა"?
18.02.2020

მედიის ლიბერალური დისკურსი, ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიის კრიტიკული აქცენტები, მთავრობისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკა, - ასეთია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შექმნილი “მედიაკრიტიკის” ძირითადი აქცენტები.

“მედიაჩეკერი” გაეცნო “მედიაკრიტიკაზე” დაარსებიდან დღემდე, ანუ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულ ყველა, საერთო ჯამში, 60-მდე მასალას. აქედან 30-ზე მეტი - “რეპლიკის” განყოფილებაშია განთავსებული.

რუბრიკა “რეპლიკა” მოკლე კრიტიკულ შეფასებებს გვთავაზობს ამ თუ იმ მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალებზე, ან ერთ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა მედიის მიდგომას აანალიზებს.

საინტერესოა, რომ ამ განყოფილებაში გამოქვეყნებული მასალების უმრავლესობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკას ეთმობა. ჯამში, 11 კრიტიკული მასალა მიეძღვნა “მთავარი არხის” (5 მასალა), “ფორმულას” (4 მასალა), TV პირველის (2 მასალა) მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებს.

ცალკე კრიტიკული მასალა ამ რუბრიკაში არ არის გამოქვეყნებული “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ან ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგებით, ეს ტელევიზიები ხელისუფლებისადმი ლოიალობით არიან გამორჩეული, ისევე როგორც ტელეკომპანია “იმედი”. “იმედის” მიერ მომზადებული სამი სიუჟეტი მოექცა “მედიაკრიტიკის” “რეპლიკის” ავტორების კრიტიკის ქვეშ. 2 კრიტიკული შენიშვნა შეეხო “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებულ სიუჟეტებს.

გვხვდება ისეთი მასალებიც, სადაც ზოგადად ყველა ტელევიზიაა გაკრიტიკებული, ან შედარებულია, ვინ როგორ გააშუქა ესა თუ ის საკითხი. მაგალითად, ერთ-ერთ მასალაში მედიაკრიტიკოსი წუხს, რომ ვერც „იმედის“ და ვერც „მთავარი არხის“ მაყურებელმა რეალური სურათის დასანახად სრული ინფორმაცია ვერ მიიღო მაღალმთიან კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილ პრობლემაზე, რადგან ორივე ტელევიზიის სიუჟეტს “ტენდენციურად მომზადებულად” მიიჩნევს. დაახლოებით იგივე დასკვნამდე მიდის  “მედიაკრიტიკის” ავტორი ამ ორი არხის მუშაობის შეფასებისას ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გაშუქების კუთხით. “მთავარის”, “ფორმულას” და “TV პირველის” მიერ პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის გაშუქებას“ მედიაკრიტიკა” კრიტიკულად აფასებს , სამაგიეროდ დადებით შეფასებას აძლევს “იმედის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებულ სიუჟეტებს:

“ამ თემებზე ტელეკომპანია „იმედის“ და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სიუჟეტებშიც ისაუბრეს, თუმცა მთლიანობაში, საპარლამენტო კომიტეტში განვითარებული პროცესები ამ არხებზე უფრო სრულად გაშუქდა. „რუსთავი 2-მა” სამართლიანად აღნიშნა, რომ „სასჯელაღსრულების სისტემაზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი პრობლემები თეა წულუკიანისა და ნინო ლომჯარიას ურთიერთბრალდებებმა გადაფარა”.

ტელევიზიების გარდა, საინტერესოა ის ონლაინ გამოცემები, რომლებიც “მედიაკრიტიკის” ყურადღებას იპყრობს. NDI-ის კვლევების გაშუქების კუთხით, “მედიაკრიტიკა” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხოლოდ “იმედინიუსმა” გამოიტანა სათაურში ის, რომ ტელევიზიების ნდობის რეიტინგში “იმედი” ლიდერობს. ამის საპირწონედ, მედიაკრიტიკოსი გვთავაზობს სხვა ონლაინ მედიების სათაურებს, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს:

«  ტაბულა: „NDI: 53%-ის აზრით, იმედი ოცნების სასარგებლოდაა მიკერძოებული“;
    ნეტგაზეთი: “მთავარი არხი” ნდობის რეიტინგში “რუსთავი 2-ს” უსწრებს“;
    On.ge: “მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს”;
    რადიო თავისუფლება: „NDI - ტელევიზიების ნდობა: პირველი არხი 2%-ით უსწრებს „ობიექტივს“    »

კრიტიკული შენიშვნა ეხება კვლევის პოლიტიკური ნაწილის შესახებ ამ მედიებში გამოქვეყნებული ნიუსების სათაურებსაც, რომლებშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 20% მისცემდა ხმას “ქართულ ოცნებას”, 13% კი - “ნაცმოძრაობას”.

“თუმცა იგივე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებში, 56%-ს - არა. ეს ინფორმაცია სათაურში მხოლოდ bm.ge- მ და 1tv.ge-მ გაიტანეს, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” - ინფორმაციის ტექსტში”, - წერს მედიაკრიტიკოსი.

დაახლოებით იგივე პათოსია განვითარებული მასალაში, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ეუთოს დასკვნის გაშუქებას ეხება ონლაინ მედიაში. აღსანიშნავია, რომ მედიაკრიტიკოსი ამ დასკვნიდან სხვადასხვა მედიაში ამოკრებილ იმ პასაჟებს სთავაზობს თავის მკითხველს, რომლებიც უფრო პოზიტიურად ან რბილად აფასებს ხელისუფლების ქმედებებს საარჩევნო საკითხებზე.

“რეცენზიის” განყოფილებაში ძირითადად ორი ავტორის მასალებს ვხვდებით, ერთი - ეკონომიკური საკითხების არაკვალიფიციურ, ზედაპირულ გაშუქებაზე სწუხს ქართულ მედიაში, მეორეს უმთავრესად ოპოზიციური არხების წარმატების საიდუმლო და მედიის ლიბერალური დისკურსი ადარდებს.

საინტერესოა, რომ ეკონომიკის სფეროში ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა ლარის დევალვაცია, შემცირებული უცხოური ინვესტიციები, შეჩერებული ენერგოპროექტები, ეკონომიკური რეიტინგები, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ან საპენსიო რეფორმა, გაკრიტიკებულია მედიის აქცენტები, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში აკრიტიკებს ხელისუფლებას. შენიშვნები ძირითადად ეხება იმას, რომ მიზეზები უფრო გლობალურად უნდა არკვიოს მედიამ, რაზეც ხშირად აპელირებს თავად ხელისუფლებაც, მაგალითად, როდესაც ლარის დევალვაციის მიზეზად ასასხელებს ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაუარესებულ ვითარებას.

“მედიაკრიტიკას” არ მოსწონს არც ის დისკურსი, რომ მედია ჰესების წინააღმდეგ აქციებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და არ ცდილობს იმის ახსნას აუდიტორიისთვის, რომ გაზრდილი ენერგომოხმარების და ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება სწორედ ახალ ჰესებს შეუძლია. სწორედ ამ აქცენტს სთავაზობს ხელისუფლებაც საზოგადოებას, თუმცა ამ მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის კრიტიკა იყოს სწორედ მედიის ინტერესის საგანი.

მედიის ლიბერალური დისკურსი შეიძლება ითქვას, რომ “მედიაკრიტიკის” ავტორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული საკითხია. ამ თემას ეხება არაერთი რეცენზია თუ ბლოგი, რომელიც ამ პლატფორმაზეა გამოქვეყნებული:

  • “მთელი ისტორიული პროცესი, რომელიც დასავლეთში დღემდე არ დასრულებულა და რომელიც ლიბერალური ძალების (შედარებით) დასუსტებასა და კონსერვატიული ძალების (ასევე შედარებით) გაძლიერებაში გამოიხატება, ქართული მედიის უდიდესი ნაწილისთვის კვლავაც „პოპულისტების შემთხვევით და დროებით წარმატებად“ რჩება”;

  • “მიუხედავად იმისა, რომ თავად დასავლეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა კონსერვატიული ტენდენციები, საქართველოში ხშირად ხდება კონსერვატიული ტენდენციების ბრმა დაკავშირება რუსეთთან, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ასეთი კავშირი სინამდვილეში. ასეთი მიდგომა თავის მხრივ იწვევს საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფების გაუცხოებას მედიის დღის წესრიგისგან და საბოლოო ჯამში, მედია კარგავს საზოგადოების ამ ნაწილის ნდობას”;

  • “პრობლემა არა მედიების რაოდენობაში, არამედ ხარისხშია, ანუ დისკურსში. ჩვენ განვიცდით დისკურსების დეფიციტს და გვაქვს მხოლოდ ერთი - მედიის ლიბერალური გაგება”

  • “საჯარო სივრცე დაფუძნებულია ლიბერალურ ტრენდზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს შეფასება, მედიაგარემოს შეფასება, პოლიტიკური აქტორების შეფასება - გვაქვს ლიბერალური. ყოველდღიური ამბები, ამა თუ იმ ჯგუფების გაშუქების სტანდარტი, ამბის თხრობის პრინციპიც გვაქვს მხოლოდ ლიბერალური. ზუსტად აქედან იხსნება ჩვენი ტრაგედიის და ფარსის, ანუ განმეორების კანონზომიერებაც”.

ეს “მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალებიდან ამონარიდებია, რომლებიც მედიის და ქვეყნის მთავარ “მტრად” ლიბერალიზმს ასახელებენ. ლიბერალიზმი ხშირად გამოიყენება ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადად სამიზნედ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ღიად გააკრიტიკა თავის საჯარო გამოსვლებში რუსეთის მოქმედმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა.

“მედიაკრიტიკა” არის ააიპ “მედიაკადემიის” ონლაინ პლატფორმა, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. “მედიაკადემიიდან” “მედიაჩეკერისთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მედიაკრიტიკის მიმართულებაში ამ ეტაპზე დასაქმებულია ოთხი შტატიანი თანამშრომელი და მოწვეულ ავტორთა ჯგუფი. მიმართულების დაგეგმილი წლიური ბიუჯეტი 290,395 ლარია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ