‘მიმდინარე მოვლენები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად’ - TI
25.02.2020
“მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭოს მმართველი პარტიის კვოტით არჩეული წევრები საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობენ ტელევიზიაში არსებული სიტუაციის დამატებით ესკალაციას და არ იცავენ ჟურნალისტების უფლებებს”, - ამ განცხადებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ორგანიზაცია მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიოს. მაუწყებლის ბორდს და მენეჯმენტს კი მიმართავს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა შეწყვიტონ:

“მოვუწოდებთ, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მოვუწოდებთ, საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაინტერესდეს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა”, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დღეს, 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ყველა თანამშრომელს, რომელიც საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ღირსებისათვის იბრძვის.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ