'აჭარის მაუწყებელში სუსია' - ჟურნალისტების ერთწუთიანი დუმილის აქცია პირდაპირ ეთერში
28.02.2020

დღეს, 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის  პოზიციიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში, ერთწუთიანი დუმილით და მესიჯით -  "აჭარის მაუწყებელში სუსია" , კიდევ ერთხელ გამოუცხადა პროტესტი ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. 

"ჩვენ გვინდა ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილით გამოვხატოთ პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს, ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით, აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან, ამ ყველაფერში კი რა თქმა უნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი,  "ქართული ოცნების" კვოტით დაკომპლექტებული. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით", - თქვა პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ, პარალელურად კი სტუდიაში შეიკრიბნენ ჟურნალისტები, საპროტესტო წარწერებით , შემდეგი ერთი წუთი კი ეთერში სრული დუმილი იყო. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'', - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გაუგზავნეს.

შორენა ღლონტის გათავისუფლებას წინ უსწრებდა 20:00 საათიანი გამოშვების რედაქტორის მაია მერკვილაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან. ამ თანამდებობაზე იგი ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა, თუმცა, დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დანიშვნიდან 4 დღეში ნინო ხაჟომიამ აღნიშნული პოზიცია საკუთარი განცხადებით დატოვა. 


"მედიაჩეკერი" მთელი საღამოა ცდილობს ტელევიზიის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ