საფრთხე აშკარაა, ვითარება - საგანგაშო - მედიაკოალიცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე
06.03.2020
“მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს”, - ნათქვამია კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საფრთხის წინაშე დგანან მაუწყებელში დასაქმებული კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა.

“ვფიქრობთ, კრიტიკულია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, როგორც ღირებულების შენარჩუნების საკითხიც. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული ხელოვნური კრიზისები აფერხებს საჯარო დაფინანსებით მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს საზოგადოებისთვის გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. შექმნილმა ვითარებამ ქმედითი დახმარების საჭიროების წინაშე დაგვაყენა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორ დღეში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს ევროპის საბჭო და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურნენ. ევროპის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძის დაინიშვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ