06.03.2020

თავად ივანიც და “მედუზას” (გამოცემა, სადაც მუშაობს ივან გოლუნოვი) რედაქტორიც ღიად აცხადებენ, რომ საქმის ასეთი შემოტრიალება შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი რამით აიხსნას და ეს არის ჟურნალისტების სოლიდარობა და ერთსულოვანი პოზიცია, რომ ივანი უდანაშაულო იყო და ის მხოლოდ მისი პროფესიული საქმიანობის გამო ისჯებოდა.


სამწუხაროდ, ემპათიას ამ საქმისადმი მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი იმ ფაქტმა, რომ დაკავებული ჟურნალისტი არ იყო საქართველოს მოქალაქე და რომ გატაცების დანაშაულში მონაწილე მხარე იყო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაც პროტესტის გამომხატველ ჟურნალისტებს ხშირად მოუწოდებნენ ობივატელები, რომ “მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეებისთვის მიეხედათ”.
ამას მოჰყვა ის, რომ ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია და განსაკუთრებული სისასტიკით ჟურნალისტებს გაუსწორდა. ამ ამბიდან უკვე რამდენიმე თვეა გასული, თუმცა დღემდე არ უცვნიათ ჟურნალისტები დაზარალებულად და არ დაუკავებიათ მათზე მოძალადეები. ჰო, ამ შემთხვევაშიც ძალიან სუსტი აღმოჩნდა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის გამომხატველი აქციები, რადგან ის ვერ გახდა ვერც მასშტაბური და ვერც განგრძობადი, ვერ გამოიწვია ემპათია პირველ რიგში ჟურნალისტებს შორის და შესაბამისად, ვერ მთლიანად საზოგადოებაში.
მაშინაც ისმოდა ფრაზები - “მე მის გვერდით ან მის დასაცავად არ/ვერ დავდგები!” ჰო, ეს ფრაზები ხშირად გაისმის დღესაც, როდესაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს სპეცოპერაციას მის მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად.

ჟურნალისტური სოლიდარობა ამ ბოლო შემთხვევაშიც საკმაოდ უსიცოცხლოა, არათანმიმდევრული იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ მაუწყებლის შიგნით ვხედავთ კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობასა და პროტესტს ჟურნალისტების მხრიდან. თუმცა გარედან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო სულ უფრო სუსტდება შიგნით მებრძოლი ადამიანების პროტესტის გავლენა. ხელისუფლებამ მოახერხა ამ ადამიანების დათხოვნა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობას, ახლა მხოლოდ მათი შემცვლელების დანიშვნასთან შეგუების პროცესი დარჩა გასავლელი.
ფაქტია, რომ ხელისუფლება შესაშური ოსტატობით სარგებლობს სოლიდარობის დეფიციტით, რომლებიც არსებობს ჟურნალისტებს შორის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური გარემოებებით. ობიექტურად შესაძლოა ჩანდეს ის მიზეზი, რომ პოლარიზებულ მედიაგარემოში სულ უფრო ვიწროვდება რეალურად მიუკერძოებელი მედიასაშაულებებისა და იქ დასაქმებული ჟურნალისტების წრე და შესაბამისად, უფრო ადვილია მათი მარგინალიზაციაც.
ამასთან, არსებობს სუბიექტური გარემოებებიც, როცა უშუალოდ ჟურნალისტთა კორპუსის შიგნით ხდება კიდევ უფრო მარგინალური ან დომინანტი ჯგუფების შექმნა და დაქსაქსულობა, სხვადასხვა მოტივით. და სანამ მედიის წარმომადგენლები ამ გათითოკაცებულ ჯგუფებში ნაწილდებიან, ხელისუფლება სწრაფი მოქმედების რეჟიმშია, რომ რაც შეიძლება სუსტად ან სულაც არ ისმოდეს კრიტიკული ხმა ამ ქვეყანაში.