“ტაბულა” კორონავირუსის საფრთხის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადადის
11.03.2020
კორონავირუსის საფრთხის გამო, თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ონლაინგამოცემა “ტაბულას” რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის. გამოცემამ ამის შესახებ განცხადება დღეს, 11 მარტს გაავრცელა.

“ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია დავიცვათ თანამშრომლები არასაჭირო კონტაქტებისგან - როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე საოფისე სივრცეში.

გადაწყვეტილების მიღება გაგვიიოლა ონლაინ მედიის თავისებურებამ, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებას იძლევა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ თანამშრომელს არ აქვს ახალი კორონავირუსი, არც კონტაქტი ჰქონია დაინფიცირებულთან და არც ეჭვი არსებობს, რომ რომელიმეს ტესტის ჩატარება სჭირდება.” - ნათქვამია “ტაბულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაო რეჟიმს ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიც. მაუწყებელი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია; გადაცემა - „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით გავა ეთერში, თანამშრომელთა ნაწილი კი დისტანციურად იმუშავებს. მაუწყებლის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ