საგანგებო ეთერი, კრიზისული ეტაპის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა - “ფორმულა” COVID-19-ის პირობებში
20.03.2020
უკვე მოგიყევით, როგორ შეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის წესრიგი და მუშაობის სტილი ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და როგორ მუშობენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დისტანციურ რეჟიმში. ამჯერად, “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, როგორ უმკლავდება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელმაც 6 თვის წინ დაიწყო მაუწყებლობა.

“ფორმულას” გამოცდილებაზე “მედიაჩეკერს” მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ესაუბრა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როგორ მუშაობს “ფორმულა” და რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?

ორი გამოწვევაა, ერთი თანამშრომელთა უსაფრთხოება და მეორე - რომ ეთერის უწყვეტობა შევინარჩუნოთ. ორივე მიმართულებით ერთობლივად გარკვეული ზომები მივიღეთ - გავიარეთ კონსულტაციები როგორც სამედიცინო მიმართულებით სპეციალისტებთან, ისე ექსპერტებთან, რომლებიც მედიის მენეჯმენტთან მუშაობენ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის, პანდემიის საფრთხეები არსებობს და გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები ამ ტიპის მენეჯმენტის. გავიარეთ კონსულტაციები, რამდენად სწორი გზით მივდიოდით დაგეგმვის დროს.

მოგვიყევით, როგორ მუშაობთ და კონკრეტულად რა ზომები მიიღეთ?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დროებით შევაჩერეთ ბიუროების მუშაობა და წამოვიყვანეთ ამერიკის და ევროპის ბიუროებდან ჟურნალისტები თბილისში. ტელევიზია გადავიყვანეთ საგანგებო რეჟიმზე. მთელი ვები და სოციალური მედიის მიმართულება გადავიდა დისტანციურად მუშაობაზე. პროდაქშენის ნაწილსაც შეეცვალა გეგმები - ვთქვით უარი პროექტებზე, რომლის დაწყებაც დაგეგმილი გვქონდა (გასაგები მიზეზების გამო) და სხვა პროექტების კეთებაზე გადავერთეთ.

ჟურნალისტებთან და ნიუსთან დაკავშირებით, გავყავით მთელი ტელევიზია ორად და ვამუშავებთ ისეთ ცვლებში, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან მინიმალური შეხება ჰქონდეთ. ასევე, მოგვიწია საეთეროსა და სამონტაჟოს გადაწყობა.

საველე გადაღებების და სტუდიური გადაცემების ჩაწერის ნაწილში თუ შეიცვალა რამე?

ძირითადად, ჩართვების რეჟიმზე ვართ გადასული, სკაიპქოლით, მესენჯერით ჩართვები ნორმად იქცა ამ ბოლო პერიოდში. ვცდილობთ, რომ სტუდიაში სტუმრები რომ მოდიან, დისტანცია დავიცვათ.

საველე გადაღებებს რაც შეეხება, ალბათ თქვენც ხედავთ, არის ადგილები, სადაც საერთოდ აღარ დავდივართ, სადაც დავდივართ შესაბამისი აღჭურვილობით (პირბადეები, ბუმები, მიკროფონები ღრუბლების გარეშე და ა.შ.). მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი დავიცვათ.

რამდენიმე დღის წინ საგანგებო ეთერი დაიწყეთ, სხვა ცვლილებებსაც ხომ არ გეგმავთ საეთერო ბადეში?

არ გამოვრიცხავ, რომ ორშაბათიდან ცვლილებები შევიდეს ჩვენს სტანდარტულ მაუწყებლობაში. გარდა ეკა სამხარაძის გადაცემისა, რომელიც უკვე გადის ეთერში, ორშაბათიდან ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - გადაცემას “თვითიზოლაციაში”, რომელსაც დავით ქაშიაშვილი წაიყვანს და სადაც უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას შევეცდებით ამ ყველაფრის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ტოქშოუებიც კი, ბოლო პერიოდში, ძირითადად, კორონავირუსის თემაზე არიან გადართული, ჩავთვალეთ, რომ ეს მაინც არ იყო საკმარისი. უფრო პრაქტიკული რჩევების და მიდგომების დონეზე, ვთქვათ, ფეისბუკის საშუალებით რა კითხვებიც მოდიოდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა. ყველაზე კარგი და საჭირო სეგმენტი ამ გადაცემის არის ის, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა არის შესაძლებელი, ადამიანებს რაც აინტერესებთ, იმ კითხვებზე სპეციალისტები სცემენ პასუხებს, შეძლებისდაგვარად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი კონტენტი კორონავირუსს ეძღვნება?

მეტსაც გეტყვით, თითქმის ყველა გადაცემას ვიწყებთ და ვამთავრებთ კორონავირუსის საკითხით. ვცდილობთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ გავაქროთ ისეთი თემები, როგორიც არის, ვთქვათ, შეთანხმება ოპოზიციასა და პოზიციას შორის, მივადევნოთ თვალი ამ შეთანხმების შესრულებას და ა.შ. პოლიტიკურ თემებს, ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ, მაგრამ კორონავირუსის საკითხის იქით, მართალი გითხრათ, არც რესურსია და არც ინტერესი მაინც და მაინც. ყველაზე მეტად საინტერესო თემა ეხლა კორონავირუსია. ამბების რაოდენობა შემცირდა მაქსიმალურად და, ასე ვთქვათ, გასაშუქებელიც ბევრი არაფერი დარჩა, გარდა იმ თემებისა, რასაც მაყურებელი ხედავს. დღის განმავლობაში ანონსში ადრე თუ იყო ოცი-ოცდახუთი გადაღება, ახლა სამი-ოთხია, ალბათ.

კორონავირუსის გამო, შეჩერდა “ფორმულას” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის - “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს მაუწყებელზე?

რა თქმა უნდა, აისახება... “ჩემი ცოლის დაქალების” შესახებ, დეტალურად “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრებენ ზურა გუმბარიძე და ირაკლი საღინაძე. გასართობი სეგმენტის კონტენტი, რომლებზეც მუშაობა მიდიოდა და რომლებიც ეთერში უნდა ჩაგვეშვა და ა.შ., ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია, გასაგები მიზეზების გამო.

შემუშავებული გაქვთ კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობთ?

რამდენიმე ეტაპიანი გეგმა გვაქვს. მივიღეთ ძალიან კომპეტენტური რეკომენდაციები ამ საქმის სპეციალისტებისგან და შევიმუშავეთ ამ კრიზისული ეტაპის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა და ეტაპობრივად მივყვებით, იმის მიხედვით, როგორც განვითარდება მოვლენები. ძალიან კარგად გვესმის ის რისკები, ის საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს და ყველა შემთხვევისთვის გვაქვს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ.

გვაქვს გეგმა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც, აპოკალიპტური, ასე დავარქვათ, (იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, პესიმისტურად რომ შევხდოთ) - იმ შემთხვევაშიც კი თუ სრულად ვერ უზრუნველვყავით სატელევიზიო ეთერის შენარჩუნება, მაქსიმალურად გადავერთვებით და ვების და ფეისბუკის მეშვეობით მაინც გავაკეთებთ ახალ ამბებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ