აჭარა TV-ზე საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, სხვა ყველა შეჩერდა - ‘ჰეშთეგში’ ამბობენ, რომ ეს გადაცემის დახურვაა
24.03.2020
დღეიდან აჭარის ტელევიზიაში, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. გადაწყვეტილება მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ოფიციალურად 23 მარტს მიიღო. შეჩერებულ გადაცემებს შორის არის არხის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა “ჰეშთეგი”, რომლის გუნდი დირექტორისადმი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. გადაცემის ავტორები ამბობენ, რომ რეალურად ეს გადაცემის დახურვაა.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოხრეიძე გადაცემების შეჩერების გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნის. “ჰეშთეგის” გუნდს კი მიაჩნია, რომ დირექტორს კრიტიკული გადაცემის გაჩერება სურს:

“იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტთან შესაბამისი შეთანხმება შედგებოდა ფორმატის ცვლილების თაობაზე, ვითარებიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შევეცდებოდით თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას. ყოველდღიური ახალი ამბების პარალელურად, აუცილელობლად მიგვაჩნია ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც ვირუსის მასშტაბურობით გამოწვეულ ეკონომიკურ, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო პროცესებს ეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა წარმოჩინდეს და ამ პასუხისმგებლობასაც სრულად ვიაზრებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვეძლევა შესაბამისი შესაძლებლობა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ კრიტიკული გადაცემის გაჩერების საბაბად არსებული ვითარება იქნა გამოყენებული”, - ვკითხულობთ გადაცემის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მედიაჩეკერი” “ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელ მალხაზ რეხვიაშვილს ესაუბრა. იგი ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორმა თავისი გეგმის განსახორციელებლად, ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა და მაშინ, როცა ყველას ყურადღება კორონავირუსის საკითხისკენაა მიმართული,“ჰეშთეგი” დახურა:

“რიგში იდგა “ჰეშთეგი”, როგორც კრიტიკულად განწყობილი გადაცემა მენეჯმენტის მიმართ. სხვა პერიოდში, გადაცემის დახურვას სხვა ამბები მოჰყვებოდა და ეხლა დრო იხელთა - არავის ახლა აჭარის ტელევიზიისთვის არ სცალია, მათ შორის ჩვენც არ გვეცალა შიდა პრობლემებისთვის და გადართული ვიყავით სრულად ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. ამ პირობებში მიიღო გადაწყვეტილება,” - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

“ჰეშთეგის” გარდა, 24 მარტიდან, განუსაზღვრელი ვადით, ეთერში აღარ გავა "დილის ტალღა", "ერთი დღე სოფელში" "მე ვარ ფერმერი", "ბუნების კანონი" და სხვა შემოქმედებითი გადაცემები.

გადაცემების დახურვამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადებოდა. ოთხი საგაფიცვო მოთხოვნა აჭარის ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა 2 მარტს შეიტანა მაუწყებელში. მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, 23 მარტიდან მათ უკვე ჰქონდათ უფლება, რომ გაფიცულიყვნენ, თუმცა, არ გაიფიცნენ, რადგან გადაწყვიტეს, რომ აღნიშნულ კრიზისულ ვითარებაში მაყურებლის ინფორმირება უფრო მნიშვნელოვანი იყო:

“23-ში იწურებოდა მედიაციის დრო. პარასკევს უკვე შეგვეძლო გვეცნობებინა მენეჯმენტისთვის, რომ წარმოშობილი გაფიცვის უფლებით ვისარგებლებდით ორშაბათიდან. თუმცა ეს არ გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ, რომ არ არის ეხლა ამის დრო და მთავარია ეთერში ვიყოთ და შევძლოთ ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე. თუმცა, ორშაბათს რომ მოვედით, თათბირი ჩატარდა და გავიგეთ ამბავი, რომ ყველაფერი დახურეს საინფორმაციოს გარდა. არ ვიცი “ჰეშთეგი” რატომ მოყვა მაგ სიაში, როცა ისედაც დისტანციურად ვმუშაობდით.”

23 მარტს, გადაცემების შეჩერების გარდა, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის კორესპონდენტის, თეონა ხარაბაძის ქუთასის ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაყვანის გადაწყვეტილებაც მიიღო. თეონა ხარაბაძე მიიჩნევს, რომ კოხრეიძის გადაწყვეტილების მიზანი საინფორმაციო სამსახურიდან მისი ჩამოშორებაა.

გადაცემების შეჩერებასა და თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მისაღებად “მედიაჩეკერი” გიორგი კოხრეიძეს დაუკავშირდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან ჩვენს ზარებს უპასუხა, თუმცა, როგორც კი ვუთხარით რა საკითხზე გვინდოდა საუბარი, გვიპასუხა, რომ დაკავებული დღე აქვს და, სამწუხაროდ, ჩვენთვის ვერ მოიცლის.

აჭარის ტელვიზიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი ჟურნალისტებს დევნის და საკადრო გადაწყვეტილებებით არხის სარედაქციო პოლიტიკას ცვლის.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ახალი ამბების სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მალხაზ რეხვიაშვილს, ისევე როგორც თეონა ხარაბაძეს ვკითხეთ, აპირებენ თუ არა სამართლებრივი დავის დაწყებას. თეონა ხარაბაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდება, თუმცა ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. მალხაზ რეხვიაშვილი კი ამბობს, რომ იურისტები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე:

“არ მგონია, რომ რაიმე სამართლებრივი პერსპექტივა ამ ეტაპზე არსებობდეს, თან იძულებით მოცდენად ჩაგვეთვლება, სამსახურიდან არ გვიშვებს, ხელფასებს გადაგვიხდის, ამას ხომ ჯიბიდან არ იხდის, ბიუჯეტის ფულია და სულ არ აინტერესებს. კონსულტაციებს გავდივართ იურისტებთან, რამდენად არსებობს სამართლებრივი პერსპექტივა, რაზე შეიძლება რომ მოვედავოთ, ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი იურისტები მუშაობენ ამ საკითხზე”, - გვიხსნის მალხაზ რეხვიაშვილი.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. თეონა ხარაბაძემდე გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა, სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ. Მათ 17 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ