15.04.2020
“სქემა იყო ასეთი: სამი პლატფორმა იყო - ტელევიზია, რადიო და ვები. ვებ პლატფორმა იყო დამოუკიდებელი, ქმნიდა დამოუკიდებლად კონტენტს, აკეთებდა ახალ ამბებს და პლიუს ტელევიზიასა და რადიოში არსებულ მასალებს ტვირთავდა ვებზე, როგორც საინფორმაციოს, ასევე გადაცემებს. ეხლა გააკეთეს ისე, რომ საინფორმაციო სამსახურში გადაიტანეს მთლიანად და ვებ მიმართულებით ჩემს სამსახურში რასაც ვაკეთებდით დამოუკიდებლად, ეს მთლიანად მომიხსნეს და დაუქვემდებარეს საინფორმაციოს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი სამსახურის მთავარი ფუნქცია გადაიტანეს სხვაგან და ჩააბარეს ნინო ხაჟომიას”, - გვიხსნის ვებ მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ჟღენტი.
ნინო ხაჟომია აჭარის მაუწყებელში მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე 24 თებერვალს მივიდა, თუმცა, ოთხი დღის შემდეგ - 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომიამ დაკავებული პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სოფო ჟღენტის ინფორმაციით, ნინო ხაჟომია თავისივე განცხადების საფუძველზე საინფორმაციო სამსახურის ვებ რედაქტორის პოზიციაზე10 აპრილს დაბრუნდა მაუწყებელში.
სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ვებ სამსახურში, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს, განხორციელებული ცვლილებების შესახებ მას წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ხელშეკრულების შეცვლის შესახებ კი მას შემდეგ გაიგო, რაც ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“შაბათ-კვირას და ორშაბათ დილით ჩვეულებრივ ვმუშაობდი. თურმე, პარასკევს უკვე ყოფილა ახალი უფროსი... აღმოჩნდა, რომ ახალი ამბის დადების უფლება არ მაქვს, როცა მთელი ჩემი სამსახური იყო იმაზე აგებული, რომ 24 საათის განმავლობაში, სისტემატურად განმეახლებინა ვები და სოციალური მიმართულებით საიტს კარგი პოზიციონირება ჰქონოდა. ვების მთავარი ფუნქცია იყო, რომ სისტემატიურად მომხდარიყო ინფორმაციის განახლება. მე უზრუნველვყოფდი იმას, რომ ვებ პლატფორმაზე ვქმნიდით ახალ ამბებს დამოუკიდებლად. ეხლა მთლიანად შემეზღუდა მე ეს ნაწილი. არსებითად შეიცვალა ჩემი ხელშეკრულება.”
სოფო ჟღენტი ამბობს, რომ შეცვლილი ხელშეკრულება ამ დრომდე არ უნახავს:
“სამსახურის უფროსი ვარ და არ ვიცი ვინ მყავს თანამშრომელი, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო - ჰაერში ვარ. მე ისიც არ ვიცი, ხელშეკრულებაში რა მიწერია. მოვითხოვე ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ არ მომსვლია.
ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე - დამსაქმებელი და დასაქმებული. დასაქმებულს თუ რადიკალურად უცვლი მის სამუშაო პირობებს, მინიმუმ, მისი თანხმობაა საჭირო. ბუნებრივია, რომ როცა ხელშეკრულება მეცვლება, ჩემი თანხმობაც საჭირო უნდა იყოს. ჩემი ხელშეკრულება რადგან დებულებით იყო განსაზღვრული, კიდევ წარმოიშობოდა ის ვალდებულება, რომ ჩემი ჩართულობა ყოფილიყო. თუმცა, პროცესებიდან საერთოდ იგნორირებული ვიყავი.”
სოფო ჟღენტი მიიჩნევს, რომ ვებ სამსახურში განხორციელებული ცვლილებები ერთი დიდი გეგმის ნაწილია. მისი შეფასებით, საინფორმაციო სამსახურის დებულების შეცვლა კონკრეტული ადამიანების “მოშორებას” ემსახურებოდა და ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
“ისეთ ადამიანებს ერჩიან, ვისზეც გავლენა არა აქვთ და ვერ აკეთებინებენ პროპაგანდას, მარტივად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ ადამიანების მოშორების პოლიტიკა მიმდინარეობს. ეს ახალი არ არის, უკვე ყველამ იცის. ამას ყველა ველოდით, ეს არ ყოფილა მოულოდნელი. ძალიან თვალნათელია, რომ კონკრეტული ადამიანი არ უნდოდათ და ტექნიკურად ვერ მოახერხეს მისი სამსახურიდან გაშვება და რეორგანიზაცია ვერ მოახერხეს. რეორგანიზაციას რომ გეგმავდნენ, მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ გაუქმებულიყო ონლაინ სამსახური, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, რადგან მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 4-ის ხმა ვერ მიიღეს და ვერ გააუქმეს.”
სოფო ჟღენტი აჭარის ტელევიზიაში პირველი არ არის, ვისაც ბოლო პერიოდში ხელშეკრულება მოულოდნელად შეეცვალა. მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა.
გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც შეეხო ცვლილებები - დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა; ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.
გიორგი კოხრეიძისგან საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის მიღებას “მედიაჩეკერი” უშედეგოდ ცდილობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ჩვენს ზარებს არც ამჯერად უპასუხა.
სოფო ჟღენტი, ისევე როგორც სხვა თანამშრომლები, რომლებსაც მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულებები შეუცვალა, სამართლებრივ დავას აპირებს.
“აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და მითხრეს, რომ ეს არის კანონდარღვევა. აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. ამას ჰქვია ანგარიშწორება და დევნა ადამიანების. ისე, რომ განმარტებებსაც არ აკეთებენ, ფიქტიური არგუმენტიც კი არ აქვთ”, - ამბობს სოფო ჟღენტი.
გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც. მათ უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.