პლურალისტური, თუმცა ძალიან პოლარიზებული - RSF საქართველოს მედიაგარემოს შესახებ
21.04.2020
მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2019 წლის მდგომარეობას ასახავს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა 0.39 ქულით გაუმჯობესდა (2019 წელს საქართველოს 28.98 ქულა ჰქონდა). ამ მაჩვენებლით, საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 28.59 ქულით, შარშანდელის მსგავსად, კვლავ მე-60 ადგილს იკავებს.

პრესის თავისუფლების ინდექსი ქულებს 1-დან 100-მდე შკალით ითვლის, რაც უფრო მეტია ქულა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

ანგარიში თითოეული ქვეყნის შესახებ პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მედია პლურალისტურია, თუმცა „ძალიან პოლარიზებული“.

შეფასების მიხედვით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელებისა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა, ტელეკომპანიების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში კვლავ ერევიან.

ანგარიშში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ მფლობელის შეცვლის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა და აღნიშნულია, რომ ამან ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლილება და ბევრი ჟურნალისტის მიერ არხის დატოვება გამოიწვია.

RSF „რუსთავი 2-დან“ ჟურნალისტების წასვლის შემდეგ, ორი ახალი ოპოზიციური არხის ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას და იქვე „აჭარის მაუწყებელზე“ განხორციეუელბულ წნეხსა და ზეწოლაზეც მიუთითებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებს ნაკლებად აქვს ადგილი, თუმცა მსგავსი ფაქტები კვლავაც არსებობს. RSF 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „გატაცებაზეც“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, თუ როგორ მოხდა ეს.

2020 წლის მონაცემებით, პრესის თავისუფლების ინდექსში, 7.84 ქულით, გასული წლის მსგავსად, კვლავ ნორვეგია ლიდერობს. მას 7.93 ქულით ფინეთი, 8.13 ქულით კი - დანია მოსდევს.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, პრესის თავისუფლების ინდექსში, სომხეთი 28.60 ქულით 61-ე ადგილზეა, 48.92 ქულით რუსეთი 149-ე ადგილს იკავებს, 50.02 ქულით თურქეთი 154-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 58.48 ქულით 168-ე ადილს იკავებს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ