აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება - მედიაკოალიცია
22.04.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები აჭარის ტელევიზიის წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მაუწყებელში, განსხვავებული მოსაზრებების გამო, თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება.

“თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო”, - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან 21 აპრილს მოხსნეს. დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა 10 და 11 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატუსები”, რომლებშიც “ირონიული ტონით მოიხსენია მაუწყებელი, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა თანამშრომელი. შელახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია, მოახდინა დამსაქმებლისა და სხვა თანამშრომლის დისკრედიტაცია”.

მედიაკოალიცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალური ქსელში პოზიციონირების წესები 20 აპრილს განათავსა.

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესები ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენიათ. იგი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებას მაუწყებლისთვის კრიტიკულად განწყობილი კადრების ჩამოშორების პოლიტიკად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ თეონა თურმანიძე არ არის პირველი, ვის წინააღმდეგაც მენეჯმენტი დისციპლინურ წარმოებას იწყებს. გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ