დუნია მიატოვიჩი: Covid-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჟურნალისტების მნიშვნელოვანი როლი
01.05.2020
“ახალი ამბების სამყარო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ გამოწვევებმა არაერთ მედიასაშუალებას არსებობის საფრთხე შეუქმნა და მედიაპლურალიზმი შეამცირა. თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში ჟურნალისტიკის აქტუალობა ჯერ არ შეცვლილა, ის იყო და ყოველთვის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”, - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღემდე რამდენიმე დღით ადრე, დამოუკიდებელი მედიისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

„თავისუფალი და ხარისხიანი მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი აქტივია. Covid-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც ჟურნალისტები და მედია პროფესიონალები ასრულებენ სანდო ინფორმაციის მოწოდებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლითა და გადაწყვეტილების მიმღები პირების საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დაყენებით. წელს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე განსხვავებული იქნება თავისი ფორმით და არა არსით. ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ და მადლობა გადავუხადოთ ჟურნალისტებსა და მედია პროფესიონალებს საზოგადოებრივი სიკეთისთვის გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის. უნდა ვაღიაროთ ჩვენი ინტერესების მსახურებისთვის მათი და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ სწორედ ამას აკეთებენ ჟურნალისტები და განსაკუთრებით კი - ისეთ კრიზისულ პერიოდებში, როგორშიც ახლა ვართ. ისინი ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი მძლავრი იარაღით გვამარაგებენ, როგორიც სანდო ინფორმაციაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გამოჩენილი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც გლობალური კრიზისებს აშუქებს, თუ ე.წ. ფრილანსერი, რომელიც ადგილობრივი გამოცემისთვის მუშაობს, მათი ნამუშევრები ჩვენ გვაფიქრებს. ისინი უსამართლობას, დანაშაულს, კორუფციას ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ამხელენ. ისინი მთავრობების ქმედებებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქცევენ. ჟურნალისტები ზედაპირს მიღმა ეძებენ, რათა სიმართლე წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი ჩვენს ყურადღებას იმედის მომცემ ისტორიებზეც ამახვილებენ, რომლებიც სამყაროს სხვა ნაწილში, შესაძლოა, ცვლილებების შთაგონების წყაროდ იქცნენ.

სწორედ ამიტომაა, რომ პრესის თავისუფლება ის ერთ-ერთი უფლებაა, რომელიც ეროვნული კონსტიტუციებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითაა დაცული. ამიტომაც, ჩვენ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა გავიღოთ ჟურნალისტებისა და მედია პროფესონალების უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური და სოციალური დაცვისთვის. ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს, არა მხოლოდ სამართლიანობისთვის, არამედ დემოკრატიის დასაცავად.

ახალი ამბების სამყარო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ გამოწვევებმა არაერთ მედიასაშუალებას არსებობის საფრთხე შეუქმნა და მედიაპლურალიზმი შეამცირა. თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში ჟურნალისტიკის აქტუალობა ჯერ არ შეცვლილა, ის იყო და ყოველთვის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

პრესის თავისუფლების დღეს მინდა ყველა იმ ჟურნალისტსა და მედიაპროფესიონალს პატივი მივაგო, რომლებიც სამართლიანობისა და სიმართლის დაცვისთვის მუშაობენ. ზოგიერთმა მათგანმა იმისათვის, რომ ჩვენ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიგვეღო და საზოგადოება უფრო სამართლიანი გამხდარიყო, საკუთარი სიცოცხლე გაწირა ან მსვერპლად მისივე თავისუფლება გაიღო“.

წყარო: coe.int

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ