15-ზე მეტი მაუწყებელი ერთი წუთით ეთერს გათიშავს
03.05.2020
დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მათავს. სოლიდარობის გამოსახატავად, მაუწყებლები 19:00 საათზე ეთერს ერთი წუთით გათიშავენ და ეკრანებზე გამოჩნდება წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.

მედიაკოალიციის წევრი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ სოლიდარობის აქციით გამოხატავენ არა მარტო მხარადჭერას აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, არამედ ეს ერთგვარი გზავნილია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ იყოს შიში და მიკერძოება.

“დღეს, პრესის თავისუფლების დღეს, UNESCO-ს ჰქონდა ძალიან საინტერესო სლოგანი - “ჟურნალისტიკა შიშის და მიკერძოების გარეშე”, და ის, რაც ხდება აჭარის მაუწყებელში, არის შიშის დანერგვა თავისუფალ ჟურნალისტებში, ვისაც უნდათ, რომ ჰქონდეთ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი; ეს არის თვითცენზურის დანერგვა და მიკერძოების შემოტანა შინაარსში. გვსურს, რომ ეს სლოგანი შესრულდეს, რომ აღარ იყოს შიში და არ იყოს მიკერძოება, შევინარჩუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამენაირად, თუ არის შესაძლებელი.”

ეს არის მოკლე ჟესტი, ერთად გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი კოლეგების მიმართ. მგონია, მსგავსი მხარდაჭერა იდივიდუალურადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც რჩებიან ამ დრომდე აჭარის მაუწყებელში. თუმცა, ეს არ არის გზავნილი მხოლოდ მაუყებელში დარჩენილი ჟურნალისტებისთვის ან მათთვის, ვისაც ძალით დაატოვებინეს ტელევიზია, ეს არის ზოგადი გზავნილი, რომ დიახ, მედია არის სოლიდარული და ჩვენ არ გვეშლება შეფასება პროცესების”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.



ბოლო ერთი წელია აჭარის ტელევიზია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.

მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ასევე, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს, ფეისბუკზე გამოქვენებული სტატუსების გამო, ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ