09.05.2020
რეგიონული მაუწყებლების ეთერში გადაცემა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო.
“ინფორმაციის პირველწყარო ადგილობრივებისთვის არის ადგილობრივი მაუწყებელი. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონოდათ მეტი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ, არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. ჰქონოდათ ინფორმაცია ასევე იმ შედეგების შესახებ, რაც ამ პანდემიამ გამოიწვია, იქნება ეს განათლებაში პრობლემები, სოფლის მეურნეობაში პრობლემები თუ სხვა”, - ამბობს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე.
მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში აქტიური ქართულენოვანი მაუწყებლები შეირჩა: “შევარჩიეთ ყველა რეგიონული მაუწყებელი, რომელიც მუშაობს, ჰყავს სარედაქციო ჯგუფები, თუნდაც მცირე და აქვს ადამიანური რესურსი პროექტის განსახორციელებლად”.
სპეცგადაცემა შემდეგი რეგიონული ტელევიზიების ეთერში გადის: ბორჯომი TV, მეცხრე არხი, გურჯაანი TV, დია TV, რიონი, მეგა TV, მარნეული TV, ოდიში, თანამგზავრი, თრიალეთი, იმერვიზია, TV 25, გურია TV, მეცხრე ტალღა.
გადაცემები 30-40 წუთიანია და ყოველდღიურად ადგილობრივ მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას პანდემიის შესახებ. ასევე, მიწვეულ სტუმრებთან ერთად აანალიზებს COVID-19-თან დაკავშირებულ ამბებს. პროექტი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“ეს კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ რეგიონის მოსახლეობა სოციალური დისტანცირების აუცილებლობაში. გარდა ამისა, ეს გადაცემები მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას დასვან მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვები და მიიღონ პასუხები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, მასწავლებლებისა თუ სამართალდამცავებისგან”, - ნათქვამია “ღია საზოგადოება საქართველოს” განცხადებაში.