11.05.2020
“დამირეკეს და ჩამაბარეს ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გათავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან. როგორც განმარტავს მენეჯმენტი, 21 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტი იყო მაუწყებლის დისკრედიტაცია და მე რადგან უარყოფა არ გავავრცელე იმ ცილისწამებაზე, რაც პოსტში მეწერა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამიშვან სამსახურიდან”, - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.
ფეისბუკ პოსტში, რომლითაც მალხაზ რეხვიაშვილი თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას გამოეხმაურა, იგი წერს, რომ მენეჯმენტმა იცის, რომ სასამართლოში საქმე გაიწელება, კორონავირუსის გამო საზოგადოება ყურადღებას ამ ქმედებებს ახლა ვერ მიაქცევს და ისინი ამით სარგებლობენ.
მალხაზ რეხვიაშვილი გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და ასევე, მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარეა. იგი ვარაუდობს, რომ ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, აპირებს პროკურატურას მიმართოს:
“ბრძანება გადავუგზავნე იურისტებს და ვნახოთ, რა მიმართულებით წავიყვანთ სამართლებრივ დავას, ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა, ვფიქრობ, რომ პროკურატურასაც აუცილებლად მივმართავ. ეხლა რაც მოხდა, ეს აღარ არის მხოლოდ შრომითი დავა - პროფკავშირების თავმჯდომარეს უშვებენ სამსახურიდან.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან აჭარის მაუწყებლის ეთერში აღარ გადის გადაცემა “ჰეშთეგი”. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიზეზით, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
17 აპრილიდან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფკავშირებმა ფეისბუკ გვერდზე გადაცემა “ალტერნატიულ საუბრები” დაიწყო. ონლაინგადაცემის წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილია, მისი თქმით, ფეისბუკზე გადაცემას ჩვეულ რეჟიმში წაიყვანს.
“ალტერნარიული საუბრები, ტრადიციულად გავა ფეისბუქზე. დღეს ვილაპარაკებთ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაზე”, - ამბობს მალხაზ რევიაშვილი.
ბოლო ერთი წელია აჭარის ტელევიზია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.
მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;
ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ასევე, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს, ფეისბუკზე გამოქვენებული სტატუსების გამო, ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.