რომელ ტელევიზიას გაეზარდა და შეუმცირდა სარეკლამო შემოსავლები
13.05.2020
იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის გავლენით, მარტში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები მაინც 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

ტელევიზიების წარმომადგენლებს “მედიაჩეკერი” გასულ კვირაში ესაუბრა და მათაც დაადასტურეს ჩვენთან საუბარში, რომ პანდემიის გამო, დრამატული კლება სარეკლამო შემოსავლებში, 20 მარტიდან დაიწყო და აპრილის თვეში პიკს მიაღწია. პირველი კვარტლის მონაცემები კი 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებს მოიცავს. სარეკლამო შემოსავლები მოიცავს რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს, ტელეშოპინგს და ჯამში 13,659,925 ლარი შეადგინა ყველა ტელევიზიაში პირველი კვარტლის მონაცემებით.

GNCC-ის ცნობით, ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი - 5,404,783.27 ლარი 2020 წლის პირველ კვარტალში “ტელეიმედმა” მიიღო. მისი სარეკლამო შემოსავლები 27%-ით გაიზარდა. “იმედს” მოსდევს “რუსთავი 2” 2,555,286.62-ლარიანი შემოსავლით, იმის მიუხედავად, რომ მისი სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით განახევრებულია.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მესამე პოზიციაზეა “მთავარი არხი”. მან პირველ კვარტალში 1,859,641.48 ლარი მიიღო სარეკლამო შემოსავლების სახით.

ტელეკომპანია “პირველის” სარეკლამო შემოსავლები 50%-ით გაიზარდა და 927,809.19 ლარი შეადგინა. მას მოსდევს "პოსტვ", რომლის სარეკლამო შემოსავალმა 465,590.91 ლარი შეადგინა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო შემოსავალი 189%-ით გაიზარდა და 438,038.97 ლარი შეადგინა.

სარეკლამო შემოსავლების კუთხით, მეშვიდე პოზიციაზეა “ჯი-დი-ეს თი-ვი”, რომლის მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა და- 437,105.48 ლარი შეადგინა.

231%-ით გაიზარდა სტუდია "მაესტროს" სარეკლამო შემოსავლები და 132,764.00 ლარი შეადგინა.

48%-ით შემცირდა ტელეკომპანია "კავკასიის" სარეკლამო შემოსავლები და 46,468.78 ლარი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" - 317% დაუფიქსირდა და ჯამში 96,280.00 ლარი შეადგინა;

“რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. მაგალითისთვის, უკვე თვალსაჩინოა პანდემიის უარყოფითი გავლენა ტურიზმის სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში, 2019 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 8.1% იყო. შესაბამისად, ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში - 4%-იანი კლება ფიქსირდება.

“სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში. 2020 წლის პირველ კვარტალში სატალევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება. თუმცა, ჩვენი ვარაუდით, შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება. კომისია ვარაუდობს, რომ საარჩევნო წელს ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ