“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) აჭარის მაუწყებლიდან
წამყვანისა და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის, მალხაზ
რეხვიაშვილის გათავისუფლებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, იგი
უსაფუძვლოდაა გათავისუფლებული და მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს
აჭარის მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა.
"მალხაზ რეხვიაშვილი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის
გაკრიტიკებისთვის გაათავისუფლეს. ვგმობთ მის უსაფუძვლო გათავისუფლებას
აჭარის მაუწყებლიდან და მოვუწოდებთ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას",
შეწყვიტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა", - წერს რეპორტიორები საზღვრებს
გარეშე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “რეპორტიორები საზღვრებს
გარეშე” აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე
განცხადებას აკეთებს. ორგანიზაცია გამოეხმაურა მაუწყებლიდან
დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის წასვლას და მისი
გადადგომა საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე
პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშნად მიიჩნია. ასევე პოლიტიკური
ზეწოლის შედეგად გაათავისუფლებად შეაფასა შორენა ღლონტისა და მაია
მერკვილაძის დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება. აღსანიშნავია,
რომ RSF-ის ეს განცხადბა ევროსაბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა. საერთაშორისო
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აჭარის მაუწყებლიდან თეონა ბაკურიძის
გაშვების შემდეგაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ
შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა.
გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული
პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის
დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული
პოსტის გამო 11 მაისს გაათავისუფლა. იმავე მიზეზით
პირველ მაისს საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ წამყვანს, თეონა
თურმანიძეს ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით
შეუზღუდა. მას შემდეგ, რაც
“ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე
დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ
არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.