EMC და DRI აჭარა TV-ის საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
14.05.2020
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” (DRI) პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე. ხოლო “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით, შსს-სა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციებმა ამის შესახებ განცხადება აჭარის მაუწყებლიდან წამყვანისა და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, 13 და 14 მაისს გამოაქვეყნეს.

DRI აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებს და წერს, რომ დასაქმებულების სამსახურიდან დათხოვნა სიტყვის, აზრის, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოთა შეფასებას საჭიროებს.

მივმართავთ “საქართველოს პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს: გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად” - ნათქვამია DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.



EMC-ის შეფასებით კი, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფკავშირების საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

“გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მის მიზანს განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯა წარმოადგენს, რამდენადაც:

  1. კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელნი აღმოჩდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით;
  2. დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ;
  3. კორხეიძის ინიციატივითვე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებელნი;
  4. დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და გამოყენებული იქნა მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ;
  5. კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ", - წერს EMC.


შეგახსენებთ, რომ გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 11 მაისს გაათავისუფლა. იმავე მიზეზით პირველ მაისს საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ წამყვანს, თეონა თურმანიძეს ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ