12.06.2020
პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მაუწყებლობის შესახებ კანონის 66¹ მუხლი, რომლითაც “აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე, მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.
ეს მუხლი გამონაკლისს აწესებს სოციალურ რეკლამის ანდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შესყიდვებზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, თუმცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, ადმინისტრაციული ორგანო ასევე შეძლებს საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების დაფინანსებას.
ამ ცვლილების მიღების აუცილებლობას სამინისტრო ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებით ხსნის, როცა აუცილებელი გახდა პროექტ “ტელესკოლის” განხორციელება.
“კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება მაუწყებლისა და ადმინისტრაციული ორგანოს – ამ შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, განათლების სამინისტრო ითხოვს, რომ ამ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები გავრცელდეს წინა პერიოდზეც, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და განათლების სამინისტროს შორის პროექტ “ტელესკოლასთან” დაკავშირებით 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტის მიღების შედეგად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან “ტელესკოლა” 404 200 ლარით დაფინანსდება, საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი.
“კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი ნათია კაპანაძე, რომელიც მანამდე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობდა, “მედიაჩექერთან” საუბარში აცხადებს, რომ მთავარ პრინციპს - საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს გამიჯნული ადმინისტრაციული ორგანოსაგან და დარჩეს ანგარიშვალდებული თავისი ძირითადი დამფინანსებელის - გადასახადის გადამხდელის წინაშე, არეგულირებს სწორედ კანონის ის ჩანაწერი, რომელსაც ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო ბარიერად მიიჩნევს და მის შეცვლას ითხოვს.
“ჩემთვის, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის უარყოფითი ტრანსფორმაცია იქნება”, - ამბობს ნათია კაპანაძე, ვინაიდან მისი თქმით, “თუ ადმინისტრაციული ორგანოს გეგმების განხორციელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება/დავალება, ჩნდება მთავარი კითხვა - მაშინ რა სიკეთე მოაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც სწორედ საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა ევალება?”
ნათია კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშეც შეუძლია მაუწყებლისთვის დაფინანსების გაზრდა, რომელიც შესაძლოა სწორედ პროექტ “ტელესკოლას” მოხმარდეს:
“აუცილებელი მგონია, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის თანხის გამოყოფის სქემა. ნაცვლად ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსების დაშვებისა, პარლამენტმა გამოიყენოს იგივე გზა, როგორც ხდება ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. გაზარდოს დაფინანსების მუხლი, სწორედ „ტელესკოლის“ მაღალი საჭიროებებიდან გამომდინარე და საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებისათვის. ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა მიმაჩნია ყველაზე სამართლიან გზად. ეს იქნება შესაძლებლობა შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ღირებულებების ცვლილების გარეშე”.
ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოცულობა, კანონის მიხედვით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, ბიუჯეტის ზედა ზღვარი დაწესებული არ არის და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია მაუწყებლის დაფინანების მოცულობის გაზრდა. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 68 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.
განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ტელესკოლის პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი.
“2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე”, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათაში.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ჩანს, რომ განათლების სამინისტრო არა მხოლოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 2020-21 სასწავლო წელსაც განიხილავს ტელესკოლის საჭიროებას და მის დაფინანსებას, არამედ მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც. ამასთან, ჯერ არ არსებობს კონკრეტულ სრულფასოვან კვლევაზე დაფუძნებული შეფასება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს პროექტი ზოგადად და შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს დისტანციური სწავლების ეფექტურ მოდელად.