“ბორდმა იმოქმედოს თავისუფლად და მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება” - ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა შეწყვიტა
12.06.2020
ორ კვირიანი შიმშილობის შემდეგ, მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” წევრმა ალექსანდრე მილორავამ, რომელიც მე-15 დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა:

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეწყდეს პოლიტიკური პროცესები და დასრულდეს ხელისუფლების მიერ კონტროლი, ვწყვეტ შიმშილობას და ვაძლევ ბორდს, იმოქმედოს თავისუფლად, მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ბატონი კოხრეიძე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობა დადგება უმაღლეს საბჭოში და ბრძოლა იქ გაგრძელდება,“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო ჩართვაში.

ალექსანდრე მილორავას თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბორდის დათხოვნასთან დაკავშირებით საკითხი უკვე დაძრულია და სხვადასხვა დეპუტატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

შიმშილობის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე ალექსანდრე მილორავამ ბორდის ერთ-ერთ წევრს, თამარ წილოსანს ღია წერილით მიმართა, სადაც წერდა:“თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო შიმშილობა და მას შემდეგ შეიტანთ განაცხადს იმპიჩმენტზე, დააფიქსირეთ ეს პოზიცია საჯაროდ და მე ავდგები, მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა პიროვნული წარმატებები. მაგრამ აქვე დავაფიქსირებ პოზიციას, რომ თქვენ გაქვთ უკვე ყველანაირი საფუძველი დღესვე მოაწეროთ ხელი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნას”.

ალექსანდრე მილორავას მიმართვას თამარ წილოსანი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა და საპასუხოდ დაწერა “დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეწყვიტოთ შიმშილობა და მას შემდეგ შევიტან განაცხადს იმპიჩმენტზე, ვაფიქსირებ ამ პოზიციას საჯაროდ და თქვენ ადგებით - შეწყვიტავთ აქციას და შიმშილობას!”

პასუხის შემდეგ, ალექსანდრე მილორავამ თამარ წილოსანს შეხვედრა სთხოვა, რაზეც მან უპასუხა, რომ საჯაროდ პოზიცია უკვე დააფიქსირა და ახლა მის მოქმედებას ელოდება. ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უშლიდა ხელს მისი პროტესტი თამარ წილოსანს, რომ მიემართა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით ბორდისთვის.

თამარ წილოსანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ 8 ივნიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ბორდს განცხადებით მიმართავდა, თუმცა 8 ივნისს ბორდისთვის მიმართვა გადაიფიქრა და გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

„სანამ იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი კადრები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან, პოზიციებზე დააბრუნონ. ასევე, ვითხოვ გამოცხადდეს მორატორიუმი ადმინისტრაციის მხრიდან და განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების გათავისუფლება შეწყდეს. გარდა ამისა, მაუწყებელში უნდა არსებობდეს კოლეგიალური ორგანო, სარედაქციო საბჭო და ვითხოვ, რომ ეს საბჭო დაუყოვნებლივ აღდგეს.“

მრჩეველთა საბჭოში დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ერთი განცხადება უკვე შევიდა. ბორდის წევრმა გია ქარცივაძემ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს 3 ივნისს მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან მინიმუმ ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ