ვატო წერეთელი სანაიასა და ჟიჟილაშვილზე: 'უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში'
13.06.2020
"TV პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი საავტორო გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანებისა და სარედაქციო გუნდის არხიდან წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

იგი წერს, რომ "პოლიტმეტრის" გუნდის გადაწყვეტილების შესახებ ეკრანიდან არ გაუგია, თუმცა, ეპილოგით მაინც გაოცებულია: "არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე". მე კი ველოდები ახალ შემოტევებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს". 



შეგახსენებთ, "პოლიტმეტრის" წამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ, ასევე, გადაცემის სარედაქციო გუნდმა, ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ 12 ივნისს, „პოლიტმეტრის“ წამყვანებმა გადაცემის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით 5 წელი, ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით სწორედ. რა და როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი კი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია, აქვე, კერძო არხსაც, ბუნებრივია, აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ვახო სანაიამ.

ნინო ჟიჟილაშვილმა, ისე როგორც საინფორმაციო სამსახურის დატოვების შემდეგ, ახლაც ხაზი გაუსვა, რომ მიზეზი სარედაქციო ხედვების აცდენაა.

"ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "TV პირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

დამშვიდობებისას წამყვანებმა მაყურებელს უთხრეს, რომ "პოლიტმეტრს" აუცილებლად იპოვნიან, თუ სად, ეს მალე გახდება ცნობილი. ვატო წერეთლის სტატუსიდან კი რჩება შთაბეჭდილება რომ "პოლიტმეტრის" გუნდი ტელეკომპანია "ფორმულაზე" ინაცვლებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ