"TV პირველს" კიდევ ერთი წამყვანი - დიანა ტრაპაიძე ტოვებს
15.06.2020
ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ, “TV პირველს” “დღის ამბების” წამყვანი დიანა ტრაპაიძეც ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 ივნისს თავად ტელეწამყვანმა გაავრცელა. მაუწყებლის დატოვების მიზეზებზე დიანა ტრაპაიძე არ საუბრობს, თუმცა, წერს, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ. განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერს დიანა ტრაპაიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

12 ივნისს, “TV პირველი” ტელეწამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდმა დატოვა. ნინო ჟიჟილაშვილმა 12 ივნისს გადაცემა "პოლიტმეტრის" დასრულებისას განმარტა, რომ მიზეზი სარედაქციო ხედვების აცდენაა:

"პოლიტმეტრი "TV პირველზე" დღეს ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას, მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "TV პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩრთულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევის მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "TV პირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მაუწყებლიდან ჟურნალისტების წამოსვლაზე ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა, თავად ჟურნალისტები ამ საკითხზე მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

TV პირველში ეს ცვლილებები დროში ემთხვევა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლასა და ნოდარ მელაძის მთავარ პროდუსერად დანიშნვას.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ