"კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები
მივმართავთ საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და
ვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის
მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული
ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ",
- ამ განცხადებით ეხმაურება "კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის"
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებულ
ინფორმაციას.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე
ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას
გეგმავდა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია
დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის
და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ", - აცხადებენ
კოალიციაში.
მედიაკოალიცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთხელ
შეახსენეს საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების
პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა.
"გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა", -
ნათქვამია განცხადებაში.
გვარამიამ განაცხადა,
რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდიაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან
კადიროვის მიერ დაიგეგმა. ეს ყველაფერი კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას
ერთ-ერთ მონოლოგს, რომელშიც გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის
პრეზიდენტს აგინა.
მომხდარზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიამაც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია
საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან
დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე
დროულად გაასაჯაროონ. ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა
უსაფრთხოების დაცვა.