RSF შეშფოთებს გამოთქვამს გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო ორგანიზების გამო
18.06.2020
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო ორგანიზების მცდელობას ეხმიანება და საქმის „საფუძვლიან“ და „გამჭვირვალე“ გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატას იშველიებს, სადაც იგი ამბობს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „უმძიმესი დანაშაული აღკვეთეს“ და განმარტავს, რომ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მიერ 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინების გამო, მის ლიკვიდაციას გეგმავდა.

RSF აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია „ფორმულამ“  და "მთავარი არხის" დირექტორმა გააჟღერეს.

ორგანიზაციას კადიროვის 16 ივნისს „ტელეგრამში“ გამოქვეყნებული სტატუსიც მოჰყავს, სადაც იგი ერთგვარად „ამაყობს“, რომ მისი დაკვეთილი საქმეები ყოველთვის სისრულეში მოდის, ასევე გაბუნიას „დაჩოქებისა“ და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

RSF აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის ერთგული მოკავშირე ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და კრიტიკოსების გაჩუმებას ცდილობს, მათ შორის უცხოეთში.

„რაც უნდა აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყოს გიორგი გაბუნიას კომენტარები, ეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას არაფრით ამართლებს“, - ამბობს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კაველე.

„საქართველოს რუსეთის ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებლად, საქმის გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას და გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვითხოვთ“, - დასძენს იგი.

RSF-ს განცხადების ბოლოს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველოსა (60) და რუსეთის (149) მიერ დაკავებული პოზიციებიც არის მოცემული.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ