27.06.2020
ჟურნალისტებისა და ავტორიტეტული მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით ყველაზე აქტიურად ამ ტერმინს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს. შესაბამისად, ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის მან ტრადიციული მედია სოციალურით ჩაანაცვლა, მაგალითად, ტვიტერით. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გაურთულდა საქმე, ვინაიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო თავად ტვიტერი, რომელმაც ტრამპის რამდენიმე ტვიტს მიანიჭა “მანიპულაციის” აღნიშვნა.
დეზინფორმაცია რომ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მასთან ბრძოლაც აუცილებელი, ეს საკამათო საკითხი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ბრძოლის მეთოდები.
“მე თვითრეგულირების ზომების მჯერა. “ფეიკ ნიუსი” ცუდი რამეა, მაგრამ ჩემი აზრით, სიმართლის სამინისტროც, ასევე, ცუდია”, - ეს განცხადება ევროპარლამენტარ ანდრუს ანსიპს ეკუთვნის, რომელიც მანამდე ევროკომისის ვიცე-პრეზიდენტი იყო ერთიანი ციფრული ბაზრის საკითხებში.
დღეს საქართველოში ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერების ნაწილი აქტიურად მოითხოვს დეზინფორმაციასთან საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებით ბრძოლას, მაგალითაც, ცილისწამების კრიმინალიზაციას და სხვა ტიპის რეგულაციების შემოღებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში ცენზურის მძლავრ იარაღად შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ეწინააღმდეგებიან მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების მხრიდან.
მედიის მხრიდან დეზინფორმაციის წარმოების მხილების საუკეთესო გზაა თვითრეგულირების მექანიზმების გამოყენება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი მოითხოვს ჟურნალისტის მხრიდან ზუსტი ფაქტების გადაცემას. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქარტიის საბჭოს განცხადებით ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ, თუკი აქვთ განცდა ან შესაბამისი ცნობები იმაზე, რომ ამ ჟურნალისტმა არ დაიცვა სიზუსტის პრინციპი.
ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქარტია არაეფექტური მექანიზმია, რადგან მას არ აქვს სანქცირების ანუ სასჯელის დაკისრების მექანიზმი, ვინაიდან ის თვითრეგულირების ორგანოა. თუმცა თვითრეგულირების მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის იცავს როგორც მედიას, ისე მის აუდიტორიას. მედიის მთავარი ძალა არის იმაში, თუ რამდენად ენდობა მას საზოგადოება. ხოლო საზოგადოების ნდობას პირველ რიგში არყევს სწორედ კომპეტენტური თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებები, რომ ამა თუ იმ მედიამ პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ან განზრახ დაამახინჯა ფაქტები, ან ხელი შეუწყო ნებისმიერი ფორმით ადამიანების დისკრიმინაციას და ა.შ. ეს შესაძლოა გრძელვადიანი, მაგრამ მედიაგარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად იყენებს ამ მეთოდს და მედიის საკუთარი არხების შექმნით ცდილობს “სიმართლის სამინისტროს” დამკვიდრებას.
პარალელურად, ტრამპის მეთოდების ერთგვარი კალკირებითა და სოციალური მედიის გამოყენებით ცდილობს კრიტიკულ მედიასთან “გამკლავებას” “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე.
25 ივნისს კალაძემ ფეისბუკში თავის ოფიციალურ გვედზე გამოაქვეყნა ფოტო რომელზეც გამოსახული იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზიის ლოგო - ტელევიზიების სახელწოდებებზე დამატებული იყო სიტყვა “სიცრუე”, ხოლო ლოგოები წითლად იყო ჩამოღვენთილი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აღიქვა ჩამოღვენთილ სისხლად, ხოლო თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს უბრალოდ ჩამოღვენთილი საღებავი იყო. ლოგოებს წინ უძღოდა წითლად გადახაზული წარწერა “Fake News”, ასევე, წითლად იყო გადახაზული სიტყვა “დეზინფორმაცია”. ამ ფოტოთი კალაძე აანონსებდა მის ლაივ ჩართავს ფეისბუკში. კალაძის თქმით, ეს იქნებოდა “სიმართლის მუშტი”, რომელიც ცხვირ-პირში მოხვდებოდა ყველას, “ვინც არასწორად იმოქმედებს”.
კალაძის ეს აქტივობა საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, როგორც ღია მუქარა კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ.
“მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” გაავრცელა.
ლაივის დასაწყისში “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და რომ “მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება”.
„ფეიკნიუსი“ არის, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ მისმა გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად.
ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს”, - განაცხადა კალაძემ.
მან ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “ფორმულას” სიუჟეტები მიმოიხილა და ისინი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა. სიუჟეტები შეეხებოდა თბილისის მერიის დაფინანსებულ პროექტებს, რომლებშიც დედაქალაქის მერი დადანაშაულებული იყო საბიუჯეტო სახსრების სავარაუდო კორუფციულ ხარჯვაში.
კალაძისა და მმართველი პარტიის ბრძოლა რომ რეალურად დეზინფორმაციასთან გამკლავება კი არა, კრიტიკულად განწყობილ მედიასთან კონფრონტაციაა, ამის არგუმენტად ბევრს სამართლიანად გაახსენდა ის ფაქტი, თუ როგორ წაშალა ფეისბუკმა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი და ანგარიში კოორდინირებული არააუთენტიკური ქცევისთვის, რომლებიც სწორედ საზოგადოების დეზინფორმირება ემსახურებოდნენ.