29.06.2020
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, მეურვეების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზნად სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შერჩევას ისახავს. სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. აღნიშნულ სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს, ორი კი - უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები კი შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს.
"შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია წარუდგინა.
პარლამენტი დღეს, 29 ივნისს, აპირებს, კენჭი უყაროს მეურვეების არჩევის საკითხს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, პარლამენტი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც პარლამენტი კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად იღებს.
არსებულ ვითარებაში მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, 9-წევრიანმა შესარჩევმა კომისიამ, გასაუბრებების შედეგად პარლამენტს შემდეგი რვა კანდიდატი წარუდგინა:
- ზაზა აბაშიძე - 9 ხმით
- თამარ ამაშუკელი - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
- ნათია კაპანაძე - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
- გია მურღულია - 7 ხმით (2 უარყოფითი)
- ბონდო მძინარაშვილი - 6 ხმით ( 3 უარყოფითი)
- დოდო შონავა - 7 ხმით (2 უარყოფითი)
- კონსტანტინე ჩლაიძე - 5 ხმით (3 უარყოფითი, 1-მა თავი შეიკავა)
- ზაურ ხალილოვი - 9 ხმით