'სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ' - მედიაკოალიცია 'ბათუმელებისა' და 'ნეტგაზეთის' წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე
06.07.2020

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ „გაზეთ ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, ერთგვარი მადისკრეტიდიტირებელი კამპანია დაიწყო და ამ ყველაფრის უკან კომუნიკაციების ეროვნული კომისია და მმართველი პარტია დგას

„ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის დღეს, 6 ივლისს გამოაქვეყნა.

კოალიციის ამ შეფასებას რამდენიმე გარემოება უდევს საფუძვლად. მედიაკოალიციის ხელმომწერი ორგანიზაციები, განცხადებაში საუბრობენ სტატიაზე, რომელიც 2020 წლის 5 ივლისს, კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა. სტატიაში, სახელწოდებით „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, გამოცემა მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“, - ნათქვამია მასალაში.

„პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებგვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ნეტგაზეთის“ სტატია, რომელიც მედიაკრიტიკის კრიტიკის სამიზნე გახდა, ეხებოდა კომუნიკაციების კომისიის წერილს, რომლითაც კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილის მიერ Facebook-ისთვის გაგზავნილი წერილი, რეკლამის გამჭვირავლობის შესახებ, ქვეყანაში ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების მცდელობად შეაფასა.

„მარეგულირებელ ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას“, - აცხადებენ მედიაკოალიციაში.

მეორე შემთხვევა, რასაც ამ განცხადებაში კოალიცია იმოწმებს, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტს ეხება, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა - „გაზეთი ბათუმელები“.

დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს.

,,ბათუმელებმა" „გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან!“ - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების დაკვირვებით, აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა.

აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები.

„მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ