რა საფრთხეებს ქმნის კომუნიკაციების კომისიისა და მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები?
07.07.2020

“დიდი ნაღმი”, “კატასტროფა”, “საშინელება სამართლებრივი კუთხით და დემოკრატიული წესრიგისთვის” და “გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკები”, - ასე აფასებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები და მედიის თემებზე მომუშავე სპეციალისტები საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებულ ცვლილებებს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. აგრეთვე, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

მიუხედავად კომუნიკაციების ეროვნული კომიის განცხადებისა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მედიას არ ეხება და ის მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისკენ“ არის მიმართული, მასში სპეციალისტები დიდ რისკებს მაინც ხედავენ.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ “კომისიის საქმიანობიდან, პოლიტიკური ინტერესებიდან, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან, კანონების არასწორი განმარტებებიდან და ასევე სასამართლო სისტემის უაპელაციო მხარდაჭერიდან გამომდინარე, გვაქვს საშიშროება, რომ კომისია ბოროტად ისარგებლებს ამ ძალაუფლებით და ამ ცვლილებებს მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს”.

მურადაშვილი “საშინელებად” აფასებს ფაქტს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმი გაუქმდება და ამბობს, რომ “ისედაც ასეთ სასამართლო რეჟიმში, კიდევ დამატებითი ბერკეტის დაწესებით თეორიულადაც კი ერთი კეთილსინდისიერი მოსამართლისთვისაც კეტავენ სივრცეს”.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველი დანიშვნა მაუწყებლებს პირდაპირ არ ეხებათ, ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ორივე ინიციატივა ერთი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და დასძენს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში არსებობს ისეთი ჩანაწერები, რომლებიც კომისიას მისცემს საფუძველს, რომ მედიის წინააღმდეგ ის მუხლები გამოიყენოს, რომლებიც ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ კანონშია.

“[კიდევ ერთი] ირიბი საფრთხე ელექტრონული კომუნიკაციების კანონიდან არის ის, რომ ციფრულ მაუწყებელობაზე გადავლის შემდეგ, ციფრულ სიგნალს გვაწვდის სპეციალური სადგური, ყველა ტელევიზია ჩართულები ვართ ე.წ. მუქსში (მაგალთად, “სტერეო+”) და ამ კომპანიის საშუალებით ვმაუწყებლობთ, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს და კომისიას მისი გავლით შეუძლია ჩვენზე ზეწოლა”, - ამბობს მურადაშვილი და დასძენს: “ეს არის ძალიან სახიფათო და ვფიქრობ, რომ ეს კანონი უკან უნდა იყოს გამოხმობილი”.

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, კი ცვლილებები პირდაპირ ეხება მის ტელევიზიას და რეგიონულ მაუწყებელბს, რამდენადაც მათ ლიცენზია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონითაც აქვთ გავლილი.

“რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს, თუკი ბექაურმა მოინდომა მათაც აუცილებლად შეეხებათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკ,ა როდესაც იგი კანონის არანორმალურ ინტერპრეტაციებს აკეთებს”, - ამბობს ჯანგირაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

აღნიშნულის მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლების პოლიტიკური რეკლამის შინაარსისთვის დასანქცირების ფაქტს იხსენებს, მაშინ როდესაც მისივე თქმით, “კანონში პირდაპირ წერია, რომ მაუწყებელი პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხს არ აგებს და ასევე პირდაპირ წერია, რომ რეკლამის შესახებ კანონი პოლიტიკურ რეკლამას არ არეგულირებს”.

იგი დარწმუნებულია, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ივანიშვილი მას მისთვის არასასურველი მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს.

წინასაარჩევნოდ, ცვლილებების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებას არც ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი გამორიცხავს. “ძალიან დიდი ნაღმია ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში, თუ ის ამ სახით იქნა მიღებული”, - ეუბნება იგი “მედიაჩეკერს”.

“მე პირადად მაქვს სამწუხარო გამოცდილება კომისიის მხრიდან მისივე გადაწყვეტილებების სხვანაირად გადათარგმნის და არ მგონია, რომ უბრალოდ მათ განმარტებას უნდა ვენდოთ და სიმშვიდის გრძნობამ დაგვრიოს ხელი”, - განმარტავს იგი და ამატებს, რომ “ჯერ კიდევ არის იმის რესურსი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მმართველი გუნდი დაფიქრდეს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს და შეცვალოს იგი”.

შემოთავაზებული ცვლილებებს მედიის “გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებად” აფასებს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” და განმარტავს, რომ მისი მიღება მედიაგარემოს “უდიდეს ზიანს” მიაყენებს. კოალიციისვე შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებებით კომისიას „განუსაზღვრელი ძალაუფლება“ ენიჭება.

ამასთან, “კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურებისა და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი“.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს კანონპროექტი და შემოთავაზებული ცვლილებები მაუწყებლების, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებული პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით განიხილოს.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ