'რეპორტიორები საზღვრებს გარეშე' ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ გაძლიერებულ ზეწოლაზე საუბრობს
20.07.2020
მედიის თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 20 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაზე გაზრდილ ზეწოლაზე მიუთითებს. აღნიშნულ კონტექსტში, ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ „ეს ნაბიჯები საფრთხის წინაშე აყენებს მედიაპლურალიზმს“.

RSF მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები რადიოსადგურებისა და მაუწყებლების კონტროლის მკაფიო სურვილის გამოხატულებაა, რამდენადაც სპეციალური მმართველი დანიშვნა შესაძლებელი გახდება ყველა იმ მაუწყებელშიც, რომელიც ასევე ოპერატორად არის რეგისტრირებული.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მედიაკომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კომპანიაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და შეცვლა შეუძლია.

RSF-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომისიას პირველ ეტაპზე მკაცრი ოპერატიული მანდატი ჰქონდა, თუმცა თანდათან მისი უფლებამოსილებები „თვალთვალსა“ და „ცენზურამდე“ გაფართოვდა. იქვე ხაზგასმულია, რომ 2019 წლის დეკემბერში შექმნილი მედიაპლატფორმა, რომლის მიზანიც მედიაკონტენტის კრიტიკა და მედიისთვის გზამკვლევის ფუნქციის შესრულებაა, მყისიერად თავისუფალი მედიის საფრთხედ იქნა აღქმული.

განცხადებამაში მედიაკრიტიკის პლატფორმის მიერ ორი დამოუკიდებელი ონლაინგამოცემის - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ „ყალბი ამბების“ დადანაშაულების გზით მათი დისკრედიტაციის მცდელობაზეც არის საუბარი. იქვე ნათქვამია, რომ მსგავსი თავდასხმების ობიექტები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებებიც („მთავარი არხი“) ხდებიან. RSF -ისახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე საბოტაჟის ბრალდებით წარმოებულ გამოძიებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „მთავრობა არ უნდა ერეოდეს მედიის საქმიანობაში“.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკელბია დარჩენილი და მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული დებატებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე „მთავარი არხის მიმართ და ცენზურის ნაცვლად სანდო ახალი ამბების პროპაგანდას შეუწყოს ხელი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის შემდეგ არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და იქვე საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“ პოლიტიკური ჩარევების მცდელობაზეც მიუთითებს.

RSF-ის განცხდებით, ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას კოპოზიციურ მედიაზე ზეწოლისთვის იყენებს და აღნიშნულის მაგალითად თბილისის მერის კახა კალაძის მიერ „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ ყალბი ამბების გავრცელებაში დადანაშაულებას ასახელებს.

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2020 წლის მონაცემებით, 180 ქვეყანას შორის 60-ე ადგილს იკავებს.

წყარო: rsf.org

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ