28.07.2020
ინფოგრაფიკა: NDI
COVID-19-ის გავრცელებიდან დღემდე არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა ვირუსის წარმოშობის შესახებ. გავრცელებულ დეზინფორმაციებს მედიაჩეკერი ვირუსის გავრცელების დღიდან აკვირდებოდა. საზოგადოების ნაწილი დღემდე ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოგონილი იარაღია, რომელიც ადამიანებზე კონტროლის დასამყარებლად გაავრცელეს, ნაწილი მიიჩნევს, რომ ვირუსი მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის 5 G-ს ანტენებიდან ვრცელდება, ნაწილი კი კორონავირუსის გავრცელებას ლუგარის ლაბორატორიასთან აკავშირებდა.
NDI დაინტერესდა, მასობრივი ინფოდემიის პირობებში როგორ არჩევს ტყუილ-მართალს საქართველოს მოსახლეობა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60%, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას იღებს, ფიქრობს, რომ ადვილია იმის გაგება, თუ რა არის სიმართლე და რა - არა. 33%-სთვის კი ტყუილ-მართლის გარჩევა რთულია.
ინფოგრაფიკა: NDIინფოგრაფიკა: NDI
NDI-ის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა, მათი უმრავლესობა(30%) კი ფიქრობს, რომ ვირუსი გამიზნულად გავრცელდა. ასევე, NDI-ის მიხედვით, გამოკითხულთა 10% ეთანხმება, რომ 5G ინტერნეტის ინფრასტურუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, 45% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 30% ამბობს, რომ არ იცის, 16%-ს კი საერთოდ არ სმენია 5G-ის შესახებ.
ინფოგრაფიკა: NDI
ინფოგრაფიკა: NDI
NDI ასევე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ლუგარის ლაბორიატორიისა და პანდემიის კავშირზე. აღოჩნდა, რომ მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, 4% კი პირიქით ფიქრობს და ამბობს, რომ იგი უწყობს ხელს კორონავირუსის გავრცელებას.
NDI-ის მიხედვით, საქართველოში ცრუ ინფორმაციის მიმართ მედეგობას ყველაზე კარგად ასაკი, შემოსავალი და განათლება პროგნოზირებს. მაგალითად, მოსაზრება, რომ 5G დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, შესაძლოა დაიჯერონ განათლების დაბალი საფეხურის მქონე და სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა - ეს შესაძლოა დაიჯერონ კაცებმა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებმა.
კვლევა, რომელიც NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა, დღეს, 28 ივლისს გამოქვეყნდა. გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის მთავარი საგანი კორონავირუსი და დეზინფორმაცია იყო. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.