28.07.2020
“გიორგი ერბოწონაშვილი ფერმერებს შეხვდა და “აგრობარათების” პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა”, - kvira.ge-ზე ამ სათაურით განთავსდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ამბავი აღნიშნული მინიციპალიტეტის მერის ვიზიტზე სოფელ ვერხვიანში. იდენტური ტექსტი, იმავე დღეს, 22 ივლისს, ipress.ge-მაც განათავსა საიტზე. გამოქვეყნებულ მასალებს არ ახლდა აღნიშვნა, რომ ისინი სარეკლამო ან დაფინანსებული კონტენტის ნაწილი იყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას “კვირასთან” ახალი ამბების სააგენტოს მომსახურებაზე მოქმედი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის ღირებულება 4400 ლარია. შპს “თავისუფალი გაზეთი +” კი, რომელიც “აიპრესის” მფლობელია, ფასიან მომსახურებას უწევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურული ობიექტების გაერთიანებას - გამარტივებული შესყიდვის ჯამური ღირებულება 3300 ლარია.
ზემოთ აღნიშნული მასალები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ისინი მერის პიარისთვისაა გათვლილი: იდენტურ ტექსტებში ხაზგასმულია, რომ მერმა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის “დადებით მხარეებზე” ისაუბრა მოსახლეობასთან. ის, რომ მერი სოფლის მოსახლეობას ხვდება და სახელმწიფო პროგრამის დადებით მხარეებზე ესაუბრება, მუნიციპალიტეტის პირველი პირის ჩვეულებრივი სამუშაო დღის ნაწილია და არა ახალი ამბავი, რომელიც მედიამ აუდიტორიას სარედაქციო მასალად უნდა მიაწოდოს.
“ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო” ,- ამ სათაურით გამოაქვეყნა “მარშალპრესმა” 15 ივნისს ნიუსი, რომელშიც კოპირებული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი. იგივე ტექსტი იმავე დღეს ადგილობრივმა გამოცემამ “სამხრეთის კარიბჭემ” გამოაქვეყნა სარეკლამო განყოფილებაში. “მარშალპრესს” კი, რომელსაც ადიგენის მერიასთან მოქმედი, 2000-ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სააგენტოს მომსახურებაზე, ამ მასალაზე არ მიუთითებია, რომ ის დაფინანსებული კონტენტის ნაწილია. ამ შემთხვევაშიც ნიუსის სარედაქციო ღირებულება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ტექსტი მერის სამსახრუებრივად გაწერილ აქტივობას აღწერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში რომ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება, ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” წელს თავის აუდიტორიას თითქმის ყოველთვიურად აწვდის. არც ერთ მათგანს არ აქვს აღნიშვნა, რომ ისინი ახალციხის მერიის მიერაა დაფინანსებული. “პრაიმტაიმს” სააგენტოს მომსახურების მოქმედი ხელშეკრულება აქვს ახალციხის მერიასთან, რომლის ღირებულება 2200 ლარია. ბოლოს, 21 ივლისს გამოაქვეყნა გამოცემამ ნიუსი იმაზე, რომ “ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება”. იდენტური ტექსტი და ფოტო იმავე დღეს “კვირამაც” განათავსა საიტზე, რომელსაც 2500 ლარიანი ხელშეკრულება აქვს ახალციხის მერიასთან. დაფინანსების შესახებ აღნიშვნა არც “კვირაზე” გამოქვეყნებულ ნიუსს ახლავს. თუმცა იგივე ტექსტი, ასევე, სარეკლამო განყოფილებაში აქვს განთავსებული “სამხრეთის კარიბჭეს”.
ახალციხეში გზის რეაბილიტაციაზე “პრაიმტაიმის” კიდევ ერთი ნიუსი 29 მაისსაა გამოქვეყნებული სარეკლამო აღნიშვნის გარეშე, იდენტური ტექსტი იმავე დღეს “ინტერპრესნიუსმაც” გამოაქვეყნა, თუმცა მასალას ბოლოში თან ახლავს აღნიშვნა NS. ამ ფორმით “ინტერპრესნიუსი” მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ მასალებს გამოყოფს სარედაქციო კონტენტიდან.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპის მიხედვით, “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”.
ამასთან, ქარტიამ 2019 წელს შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნის კუთხით. ამ წესებიდან ჩვენ ამ შემთხვევაში 2 პუნქტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მაგალითებში არღვევენ ონლაინ გამოცემები:
- “საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა”.
- “ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ. წარწერები - „პარტნიორის კონტენტი“, NS, R, „მეგობრის მასალა“ და ა.შ მკითხველისთვის დამაბნეველია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ წარწერას „რეკლამა“/“სარეკლამო სტატია“, „სარეკლამო გვერდი“. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც გაზეთის ბოლო გვერდზე ანდა საიტზე მითითებულია, რომ რომელიღაც გვერდი/რუბრიკა არის დაფინანსებული. ამგვარი წარწერა თავად სტატიას უნდა ახლდეს”.
“მედიაჩეკერმა” ამ დროისთვის 6 ონლაინ გამოცემის მიმდინარე წლის ხელშეკრულებები შეისწავლა, რომლებიც ითვალისწინებს მათ გვერდებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების სასარგებლოდ საინფორმაციო მომსახურების განხორციელებას.
ეს მედიაორგანიზაციებია: interpressnews.ge, mpn.ge, ipress.ge, primetime.ge, reportiori.ge, kvira.ge. მათთან მუნიციპალიტეტებს, სამინისტროებსა და სსიპ-ებს წელს ჯამში 399 786.96 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.
აქედან ყველაზე მეტი, 125 706.13 ლარის ღირებულების 27 მოქმედი ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “ახალ ამბებთან”, იგივე “ინტერპრესნიუსთან”; მას მოსდევს შპს “თავისუფალი გაზეთი +”, იგივე “აიპრესი”, რომელსაც 31 მოქმედი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამური ღირებულებით - 111 436 ლარი. “კვირას” 59 476.35 ლარის ღირებულების 18 მოქმედი ხელშეკრულება აქვს; “პრაიმტაიმს” - 57 200.48 ლარის ღირებულების 18 ხელშეკრულება; “მარშალპრესს” 23 138 ლარის ღირებულების 10 ხელშეკრულება, ხოლო “რეპორტიორს” 22 830 ლარის ღირებულების 9 ხელშეკრულება.
ამ 6 მედიაორგანიზაციიდან 5 ისე ათავსებს რეგიონების მუნიციპალიტეტებთან ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულ მასალებს, რომ შესაბამის აღნიშვნას რეკლამის თაობაზე არ უთითებს. ხოლო “ინტერპრესნიუსის” შემთხვევაში, აღნიშვნა NS გაკეთებულია, თუმცა სტანდარტის მიხედვით, ეს არ არის სათანადო ძალისხმევა მედიაორგანიზაციის მხრიდან მკითხველის ინფორმირებისთვის.