„ობიექტივზე” კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება: TI
25.08.2020
არასამთავრობო ორგანიზაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 25 აგვისტოს განცხადებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” რეკლამები, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს, არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.

ორგანიზაციის თქმით, 18 აგვისტოდან ტელეკომპანია “ობიექტივზე” ვიდეორგოლები გადის, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, ეკონომიკურ პროექტებზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

ორგანიზაციისვე განცხადებით, “თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიმართავს:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პატრიოტთა ალიანსს - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ