27.08.2020
გარდა იმისა, რომ მისი საშტატო თანამდებობა გაუქმდა, მაია მერკვილაძე, როგორც რედაქტორი ჩამოაშორეს სატელევიზიო ახალი ამბების რედაქტორობას და რადიოს ახალ ამბებში გადაიყვანეს. „მედიაჩეკერთან“ საუბარში მაია მერკვილაძე ამბობს, რომ სწორედ ამის საფუძველზე, ისინი ითხოვდნენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
„ჩვენ ამის დასაბუთებაც გვქონდა, გვყავდა მოწმე და ყველანაირად შევეცადეთ მოსამართლისთვის აგვეხსნა ის ცვლილება და ის შედეგი, რაც გამოიწვია ამ აქტის გამოცემამ. პირველი ეს იყო ის, რომ ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე სარედაქციო მიმართულებით და ახალი ამბების რედაქტორი რადიოს მიმართულებით, განსხვავებული პოზიციებია, იმიტომ რომ, მე ვიყავი სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი ახალ ამბებში და ახლა ვარ რიგითი რედაქტორი, რომელსაც არანაირი გავლენა არ მაქვს ახალ ამბებზე“, - ამბობს მაია მერკვილაძე და ამატებს, რომ ამ ცვლილების შედეგის დასაბუთებას ასევე შეეცადნენ მონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა.
საუბარია მედიამონიტორინგის შედეგებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლამდე, აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა, მათი შეცვლის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვასა ან არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.
მაია მერკვილაძის თქმით, დასაბუთების ნაწილში მათ სახალხო დამცველის რეკომენდაციაც მოიშველიეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვტილება არ იყო დასაბუთებული და ის შეიძლება შეფასდეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენების ტოლფასი გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა არხზე პოლიტიკა. თუმცა, მოსამართლემ ეს გარემოებები მხედველობაში არ მიიღო, მისთვის კონტექსტი საინტერესო არ აღმოჩნდა.
„მოსამართლემ თქვა, რომ ჩემს შემთხვევაში მატერიალური ზიანი არ მომდგომია, ვინაიდან მე ვმუშაობ იგივე ფუნქციებით და მაქვს იგივე ანაზღაურება“, - ამბობს მაია მერკვილაძე და ამატებს, რომ მისი აზრით, ამ არგუმენტების გაუთვალისწინებლობა მოსამართლის მხრიდან, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ნაკლები მგრძნობელობა ამ თემებისა და ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ, და, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იყოს გავლენაც: „იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი, როგორც ცდილობდნენ პოლიტიკოსები შეცვლილიყო აჭარის მაუწყებელში პოლიტიკა“.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს: „და, თუკი ეს გაგრძელდება (რამდენიმე შრომითი დავა მაქვს მე მაუწყებელთან, არამარტო მე, სხვა თანამშრომლებსაც),ვერ შევძლებთ დასაბუთებას, რომ აჭარის მაუწყებელში განხორციელდა თანამშრომლების უკანონო დევნა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენ აუცილებლად დავადასტურებთ იმას, რისი ეჭვიც გვაქვს და რის გამოც ვდაობთ სასამართლოში“.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას ჯერ ტოქშოუს, შემდეგ კი რადიოს ახალი ამბების რედაქტორობა შესთავაზეს. მერკვილაძე ამ შეთავაზებას დასთანხმდა და მაუწყებლის წინააღმდეგ დავა სასამართლოში დაიწყო.
“ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში, მე და ჩემი კოლეგები, არ ვაპირებ ბრძოლის შეჩერებას. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩემი აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს ის, ამ ბრძოლაში მე ვიქნები მათ გვერდით. პარალელურად გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - განაცხადა მაშინ მაია მერკვილაძემ “მედიაჩეკერთან” საუბარში.